სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება. “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შესაბამისად, ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს – „ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ თავი შევიკავოთ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ეს ქვეყნისთვისაა საჭირო და არა პარტიისთვის“
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას პირველად დაესწრო, პარლამენტში ახლადშესული ალეკო ელისაშვილი. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მანამდე მმართველი გუნდი შანტაჟის ენით საუბრობდა, რომ გაგვიუქმებდა მანდატებს, რაც ძალიან არ მომწონდა. ჩვენი მემორანდუმიც ამას ემსახურება, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის გადაწყვეტილებას, მანდატების შეწყვეტის მსურველი ოპოზიცია გამოეხმაურა. მათი აზრით, მმართველი პარტია დროის გაწელვას ცდილობს.
„ბუნებრივია „ქართული ოცნება“ დროის გაჭიმვას ცდილობს. ისინი მძიმე რისკის ქვეშ დგებიან, რომლის მიხედვით, ოფიციალურად ფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. ახლა ძალიან ეშინიათ“– განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.
საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ისინი სიმბოლურ მანდატებს, სიმბოლურად ერთ ლარად ყიდდნენ. აქციის ერთ- ერთი მონაწილე ცოტნე ვადაჩკორია ამბობს – „იმ კლოუნადას ვაპროტესტებთ, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება. ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა ბრუტუსის ფაქტია. ეს კლოუნადა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“.
საკანონმდებლო ორგანო, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას აგრძელებს. პარლამენტის მომდევნო სხდომებს, ორით მეტი დეპუტატი დაესწრება.
ავტორი: ალეკო გვეტაძე