„იმ გამოცდილებამ და ინფორმაციამ, რომელიც კოვიდპაციენტების მკურნალობის დროს დაგვიგროვდა, მათთან მუშაობა უფრო მეტად გაამარტივა“, – ამბობს თამარ ტყეშელაშვილი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, შემოდგომის თვეებთან შედარებით, ახლა კლინიკაში კოვიდპაციენტთა რაოდენობა შემცირებულია.
„ხშირად გვიფიქრია, როდის დასრულდება პანდემია, თითოეულმა ჩვენგანმა დიდი ემოციური სტრესი განიცადა. ძალიან რთულია, როცა ადამიანის თვალებში შიშს ხედავ და თან გთხოვს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო. ამ დროს ერთი სული გაქვს, როდის დადგება ის სანატრელი დღე, როცა კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ იქნებიან. მართლა ძალიან რთულია, თვალებში ჩახედო ამ შიშს.
პაციენტებს ეშინიათ. ინფორმაციაც გარშემო ნეგატიურია. ამიტომ ძალიან დიდხანს ვუხსნით, რომ, თუ დაგვეხმარებიან, უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ, დეპრესიული ფონი კი უფრო მეტ პრობლემას ქმნის.
ძალიან დიდხანს გვიწევს კოვიდპაციენტის საწოლთან დგომა და მისი დამშვიდება. თუ ფსიქოლოგიური ახსნა-განმარტებაც არ ჭრის, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური ჩარევაც გვჭირდება, რომ ეს ემოციური ფონი მოვუხსნათ“, – ამბობს თამარ ტყეშელაშვილი, ექიმი რეანიმატოლოგი.