მთავარი COVID-19 არაბთა გაერთიანებული საამიროები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებაში დაეხმარება

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებაში დაეხმარება

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზები “ემირატს ეარლაინი” მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაში დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინების შესანახად სათანადო პირობები არ აქვთ. ასეთ ქვეყნებს, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ  ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან ან ინდოეთის სუბკონტინენტიდან.

“ემირატს ეარლაინიწარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მიაწვდიან ვაქცინებს ყოველდღიურ რეჟიმში იმ ქვეყნებს,  რომელთაც არ გააჩნიათ ვაქცინების შესანახად საკმარისი ინფრასტრუქტურა და პირობები. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი  მსოფლიოში ვაქცინების  მაქსიმალურად სწრაფად განაწილებაა.

 
“ემირატს ეარლაინი დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და ახლო აღმოსავლეთში მთავარი გადამზიდია. კომპანიის სატვირთო განყოფილების უფროსის მოადგილის ნაბილ ალ მორის განცხადებით, ისინი გამოიყენებენ როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო თვითმფრინავებს, რათა მიაწოდონ ვაქცინები იმ ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ საჭირო ინფრასტრუქტურა ვაქცინების შესანახად:

,,ამ ქვეყნების უმეტესობას აქვს ვაქცინების შენახვის პრობლემა,  ჩვენ კი გვაქვს ამის საშუალება’’, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ეს ინიციატივა შეეხება განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას.

ავიაკომპანიამ ეს ინიციატივა კვირა დღეს გააცნო საზოგადოებას. მათი მიზანია, დაჩქარდეს კორონავირუსის ვაქცინების განაწილება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები იჩაგრებოდნენ ვაქცინების მიწოდების კუთხით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ,,ვაქცინების ლოგისტიკის ალიანსში’’ შედის ემირატების ავიხაზები და დუბაის პორტები, მათ მფლობელობაში პორტების გიგანტური ქსელი და დუბაის აეროპორტია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსი დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზა მიაწოდონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას.

ალიანსი ასევე ითანამშრომლებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან, მიმწოდებლებთან და სახელისუფლებო უწყებებთან, რათა ვაქცინები უსაფრთხოდ გადაიტანონ, რადგან ზოგიერთი ვაქცინა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებს.

პანდემიის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობს, თავისი როლი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდოს. სპარსეთის ყურის ამ ქვეყანაში, რომელიც მოიცავს დუბაისა და კიდევ 6 სხვა საამიროს, კორონავირუსის გავრცელებამ საახალწლო არდადეგების შემდეგ იმატა, რადგან ქვეყნამ ამ პერიოდში აქტიურად გახსნა საზღვრები ტურისტებისათვის.

ემირატები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც  ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა. მისი მოსახლეობა 10 მილიონამდეა და ხელისუფლებამ უკვე მოახერხა მეოთხედი ნაწილის ანუ 3 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია.

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

არაბთა გაერთიანებული საამიროებიარაბთა გაერთიანებული საამიროები