მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი - ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტი – ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტი, 21-23 იანვარს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან ინტერვიუ მისცა „ევრონიუს ჟორჯიას“. რა სათქმელით ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი ბელგიის დედაქალაქში და რა გზავნილებით დაბრუნდა უკან?  რაზე ისაუბრეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რეგიონში არსებულ ღია თუ გაყინულ კონფლიქტებზე? როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პროცესს ახალი ადმინისტრაციის პირობებში? ეს, და ბევრი სხვა პრობლემა – საქართველოს პრეზიდენტის ინტევიუში. 

 
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლახან დაბრუნდით ბელგიის დედაქალაქიდან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეთ. რა სათქმელით ჩახვედით ბრიუსელში?

ჩემი მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველო ბრიუსელში ბრუნდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, ჩვენ ისეთი სიხშირით ვეღარ ვახერხებდით ურთიერთობას.  პრემიერ-მინისტრი გასულ წელს იმყოფებოდა იქ და წლევანდელი წელიც, სწორედ ბრიუსელში ვიზიტით დავიწყეთ. ჩემი პირველი ვიზიტიც, პრეზიდენტის რანგში,  სწორედ ამ ქალაქში იყო. ჩვენ გვსურდა გამოგვეხატა, რომ მიუხედევად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად კონფლიქტისა ამ რეგიონში, მიუხედავად იმ რთული ვიათარებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და იმ ეკონომიკური სირთულეებისა, რომლის წინაშეც სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც აღმოვჩნდით, ბრიუსელი ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, მამოძრავებელი ძალაა საქართველოსთვის, და ჩვენ მუდამ უნდა ვისაუბროთ ამაზე. შესაძლოა,  ყოველდღიურადაც, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენი სათქმელი იყო, რომ ჩვენ ახლა ევროკავშირის მეტი ჩართულობა გვჭირდება, გვინდა დავინახოთ, რომ ჩვენს რეგიონში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ,  ევროკავშირი სამშვიდობო პროცესში მონაწილეობს. ჩვენ გვჭირდება მეტი ევროკავშირი ეკონომიკაში, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიამ პრობლემები შეუქმნა ეკონომიკას, და გვჭირდება ევროკავშირის მეტი მხარაჭერა ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ გვჭრდება, რომ ევროკავშირმა მხარი დაგვიჭიროს  ვაქცინებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ვაპირებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მივიღოთ ვაქცინა. ჩვენ ასევე გვჭირდება ევროპული სოლიდარობა პარტნიორი სახელმწიფოებისა და ასოცირებული ქვეყნების მიმართ. დაბოლოს, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ჩვენ შავი ზღვის მიმართულებით უფრო დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა გვჭირდება ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, ურთიერთობების გააქტიურება ტრანსპორტის სფეროში და მეტი თანამშრომლობა კონკრეტული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. სწორედ ამგვარი თანამშრომლობა აჩვენებს ნათლად ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო თანდათან უახლოვდება ევროკავშირს, და ასევე, ჩვენი სამხედრო მზაობით თანდათან ვუახლოვდებით  ნატოს.

…და საქართველოში  რა გზავნილებით დაბრუნდით?

მთავარი გზავნილი ის არის, რომ ბრიუსელი აღიარებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ, პანდემიის მიუხედავად მიაღწია გასულ წელს. ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ საარჩევნო კოდექსი– საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დემოკრატიული პროგრესი აშკარაა. საქართველომ შეძლო, დაეძლია კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე მწვავე და  რთული პერიოდი. ბრიუსელში, საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევენ და, ვფიქრობ, ეს არის მთავარი შეტყობინება, რომლითაც საქართველოში დავრუნდი. იყო უფრო კონრეტული მესიჯებიც, მაგალითად, ევროკავშირი მზადყოფნას გამოხატავს, რათა გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში დაეხმაროს.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომელიც ევროპაში ჩვენი სტუდენტების სწავლის საფასურს უკავშირდება. მე ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელია, ჩვენმა სტუდენტებმა, როგორც ასოცირებული ქვეყნის წარმომადგენლებმა, იმავე ტარიფებით ისარგებლონ, რაც ევროპელი სტუდენტებისთვისაა დაწესებული. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ჩვენი სტუდენტისათვის.

ევროკავშირთან, ზემოთნახსენები საკითხების განხილვა, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ბრიუსელი ჩვენს ქვეყანას ახლო პარტნიორად განიხილავს, იმის  მიუხედადავად, რომ საქართველო ჯერ ბლოკის წევრი სახელმწიფო არ არის. ასევე ძალიან კარგად მიიღეს ბრიუსელში ჩვენი განცხადება, რომ 2024 წელს, ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატურა. ბრიუსელში  ესმით, რომ ეს  განაცხადი ჩვენი რესურსების მობილიზაციში დაგვეხმარება, რისი საბოლოო მიზანიც ბლოკში გაწევრიანებაა. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისაკენ მიმავალი გზა მკაფიოდ განსაზღვრული იყოს. გაწევრიანებასთან დაკავშირებული ჩვენი განაცხადი და მთელი ჩვენი ძალისხმევაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დაბოლოს, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომელიც  კოფლიქტებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ეს სხვათა შორის, იმ დღეს მოხდა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ყველა მხარე აღიარებს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელზეც სამომავლოდ, ის მხარდაჭერა იქნება დაფუძნებული,  რომელიც ჩვენ ახლაც გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან – საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვსურს ევროკავშირი უფრო აქტიურად იყოს ჩართული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგისთვის მეტ ტერიტორიაზე იყოს დაშვებული, ვინაიდან ეს არის გზა, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანების უფლებების მთელი რიგი დარღვევები. ის დარღვევები, რომლებიც საჯაროდ არის აღიარებული ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ.

თქვენ ისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ნატოსთან დაკავშირებით რას იტყვით? ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა საუბრები საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს პერსპექტივა უახლოეს წლებში გაწევრიანდეს ჩრდილო – ატლანტკურ ალიანსში?

ამ პერსპექტივის რომ არ გვჯეროდეს, არ გავატარებდით ამდენ რეფორმას, რომელთა მიზანიც სწორედ ინტეგრაციაა – ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ისე ნატოს. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ. ბევრი რეფორმა გატარდა სამხედრო სფეროში, იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტებთან მეტი თავსებადობა ყოფილიყო.  მე მქონდა ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. როდესაც ნატოს მოკავშირეები აფასებენ  ჩვენს წვლილს, ისინი სრულად  აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ამბობენ, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურ წარდგენამდე ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ისაუბრა  და განაცხადა, რომ ის უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს ამ პოლიტიკას. ეს მართლაც, მეტად დადებითი გზავნილია. თუმცა, რა თქმა უნდა, ზუსტ თარიღებზე ვერ ვისაუბრებ.

თქვენ ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ… ამერიკას ახალი პრეზუდენტი ჰყავს. რა მოლოდენებია საქართველში თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ?

როდესაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტორი, რომ ეს საკითხი, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.  ამაზე თანხმდება როგორც მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისე ჩვენი საზოგადოებაც. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარება, რომელიც უკვე 30 წელიწადს ითვლის, ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  დამოუკიდებლობის 30 წლისთავსაც სწორედ წელს აღვნიშნავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტია ერთნაირად უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას და იმ სიახლეებს, რაც შესაძლოა, საქართველოზეც აისახოს… ახალი  ადმინისტრაცია უფრო მეტად ჩაერთვება მრავალმხრივ ფორმატში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველო პატარა ქვეყანაა და მრავალმხირივი ურთიერთობები ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაციას უბრუნდება.  ჯანდაცვის საკითხებში ჩვენს მთავარ პარტნიორ ორგანიზაციას, კვლავ ექნება მხარდაჭერა შეერთებული შტატებისაგან. უმნიშვნელოვანესია ასევე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას უბრუნდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და პატარა ქვეყნები მსგავს შეთანხმებებში დიდი გავლენით ვერ სარგებლობენ. თუმცა, საქართველოსთვის, როგორც ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყნისათვის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.  ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ პროცესში წამყვანი ქვეყნები  ჩერთონ. აღსანიაშავია ასევე, რომ ახალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად ითანამშრომლებს  ნატოსთან და მეტად გაიზიარებს იმ ღია კარის პოლიტიკას, რომელზეც ვსაუბრობდი. პირადად ჩემთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ქალია. მე გამარჯვება  მივულოცე როგორც პრეზიდენტს, ასევე, ვიცეპრეზიდენტს. იმედი მაქვს, სულ მალე შევძლებ,  ტელეფონით გავესაუბრო და პირადადაც მივულოცო ორივეს. განვიხილავთ ოფიციალურ სტუმრობასაც. ვიცი,რომ ახლა მთელი მსოფლიო ვაშინგტონში გეგმავს წასვლას და ჩვენც ამ პროცესში ვართ.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. რა პოლიტიკური ან შემდგომი სამართლებრივი პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ვერდიქტს?

უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის.  ეს საქართელოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ ამ ომის შეფასებისას სიმართლე საქართველოს მხარესაა. სწორედ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაა ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველგან ვსაუბრობდით. და ახლა, ეს ფაქტი საერთაშორისო დონეზე აღიარეს. ეს პატარა საქმე არ არის! ეს ნიშნავს, რომ უფრო გააქტიურდება არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.  როდესაც ბრიუსელში ვიყავი, ჩვენს კოლეგებს ვაცნობდი სტრასბურგის მოვლენებს, რომლებიც იმ წუთებში ხდებოდა, მათ აღიარეს ამ გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა და მიესალმებიან მის სამართლებრივ შედეგს. მართალია, მსგავსი გადაწყვეტილებები ადგილზე ვითარებას არ ცვლის, მაგრამ სამომავლოდ, ეს შესაძლოა, ჩვენი პარტნიორების მიერ პროცესებში მეტი ჩართულობისა და რუსეთზე მეტი ზეწოლის საწინდარი გახდეს.  ვფიქრობ, ეს ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, ეს საქართველოსთვის მისაღები დინამიკაა, რადგან ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერდება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტმა, რომელიც ერთ თვეს გრძელდებოდა, გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა სამხრეთ კავკასიაში. რა გამოწვევების წინაშე დადგა რეგიონი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

ეს გამოწვევებით აღსავსე რეგიონია. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, როგორც უკვე ვთქვი, ოკუპირებული ტერიტორიებია, ისევე როგორც ღია კონფლიქტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ უარს ვამბობთ კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრაზე, რადგან ჩვენ ვაცნოებიერებთ, რომ ღია კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და მის როლს მსოფლიოში. ჩვენ წარმოვადგენთ სატრანზიტო კვანძს ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირებისთვის. ამ სამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა, რათა ის საინვესტიციო პროექტები განვავითაროთ, რომლებიც შესაძლოა ამ რეგიონში განხორციელდეს. ასე რომ, კონფლიქტი, რომელიც ჩვენს ორ  უახლოეს მზობელ ქვეყანას შორის მოხდა, მართლაც ტრაგიკული იყო. ჩვენ ორივე ქვეყანასთან ახლო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც გვავალდებულებს რომ ამ პროცესში ნეიტრალურები ვიყოთ და რეგიონში სტაბილური გარემოს კუნძულად დავრჩეთ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ პალტფორმის შექმნას, ან თავად გავხდეთ ის პლატფორმა, სადაც ყველა მონაწილე შეძლებს სამშვიდობო პროცესის წარმართვას. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირს უფრო აქტიური როლი ჰქონდეს კონფლიქტთან დაკავშირებით, მის ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ კი, ამ რეგიონის მესამე, ევროკავშირის ასევე ძალიან ახლო პარტნიორი სახელმწიფო ვართ. აქ არის კიდევ ერთი ასპექტი – ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა.  ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კოფნლიქტის შემდეგ, ყველა მთავარი მოთამაშე მეტად და მეტად ინტერესდება რეგიონით. ამის დასტურია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც . ეს გვაჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ინტერესი რეგონისადმი და რა განსაკურებული როლი აქვს მასში საქართველოს.  ჩვენი რეგიონი, ეს არის სივრცე თამაშრომლობისათვისა და  ეკონომიკური მეგაპროეტქებისთვის. ამისთვის კი, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, რომლის შექმნაც ჩვენი, ამ სამი სახელმწიფოს ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

ჩემი მომდევნო შეკითხვა სწორედ საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. რა არის ამ ვიზიტის მიზანი?

ალბათ თავად მას უნდა ჰკითხოთ, რა არის მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი. თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მიმართ ინტერესი იზრდება, ალბათ ირანის სურვილია არ ჩამორჩეს რეგიონში ეკონომიკური განვითარების  პერსპექტივებს.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად და ხომ არ გახსენდებათ რაიმე ნაბიჯი, რომლითაც უკმაყოფილო ხართ?

ალბათ ვერ გამოყოფ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში, ერთი წელი არც თუ ისე აქტიური იყო პანდემიის გამო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს საკითხი  კვლავ აქტუალური გამხდარიყო მსოფლიო ასპარეზზე.  საერთაშორისო დონეზე, ჩემს ყველა კონტაქტს ვიყენებ, რათა საქართელო წარმოვაჩინოთ. წამოვწიოთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოს ინტერესებშია, გავატაროთ ჩვენი დღის წესრიგი  ევროკავშირის, ნატოს მიმართულებით, წარმოვაჩინოთ ჩვენი ინტერესები მრავალმხრივ ფორმატში, მათ შორის პატარა ქვეყნებთანაც, რადგან მსგავსი კავშირები  ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, სადაც ქალი ლიდერები არიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კავშირები, რომ საქართველო ყველგან იყოს წარმოდგენილი და საქართველოს ხმა ყველგან ისმოდეს.  ამისთვის, უნდა  გავაძლიეროთ დიპლომატიური ძალისხმევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი ვიზიტიც ბრიუსელში სწორედ იმის მაჩვენებელი იყო, რომ ჩვენ აქტიურ დიპლომატიაში დავბრუნდით. ეს საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

შიდა პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, პრეზიდენტის როლია, განზე იდგეს  ყოველდღიული პოლიტიკური პროცესებისგან. თუმცა როცა პოლიტკური კრიზისის საფრთხე იყო გასულ წელს, მომიწია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც საკმაოდ რთული იყო პირადად ჩემთვის, თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს აუცილებელი იყო კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ნაწილობრივ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომ ჩვენ მოვახერხეთ საკონსტიტუციო რეფორმის მიღება, რასაც შემდეგ მოჰყვა საარჩევნო რეფორმა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. შესაძლოა ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, თუმცა ქვეყანაში პრეზიდენტის როლის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, მომავალში არ ვინანებ იმ ამბავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას ხელი ვერ შევუშალე. ვცდილობ, როგორც პრეზიდენტი არ ვიყო პოლარიზებული და არ დავდგე კონკრეტული მხარის გვერდით. მსურს ვაჩვენო საზოგადოებას, რომ განსაკუთრებით დღეს, პოსტ-კოვიდით, თუ ჯერ კიდევ კოვიდით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, მაშინ, როცა უამრავი სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევაა, და მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა  და არა პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ გვაწუხებს, სადაც არაჯანსაღ პოლარიზაციასა და დაყოფას ვხედავთ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებსა თუ ადამიანებს შორის.  სიძულვილის ენას ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან უნდა ვებრძოლოთ. ვფიქრობ, ეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერების ერთობლივი საზრუნავია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend