მთავარიბიზნესი2030 წლიდან ბრიტანეთში ბენზინზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება

2030 წლიდან ბრიტანეთში ბენზინზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება

გაერთიანებულ სამეფოში 2030 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება. მთავრობის განცხადებით, ქვეყანა გადავა ელექტროავტომობილებზე, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. ავტომობილების მწარმოებელ ზოგიერთ კომპანიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ვადაში ვერ ჩაეტიონ.

უკვე ცნობილია, რომ მომავალში ყველა მანქანა ელექტროენერგიაზე იმუშავებს. მთავარი კითხვა ისაა, თუ როდის მოხდება ეს. გაერთიანებულ სამეფოში მიზანი დასახულია – 2030 წლიდან ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება.

 
ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ცვლილებებს ფეხს უწყობენ, თუმცა უცნობია, რამდენად მოასწრებენ ისინი წარმოების გადაწყობას.

„ავტოინდუსტრიაში ბოლო ასი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ცვლილებაა. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მთლიანად ელექტროენერგიაზე ათიდან მხოლოდ ერთი მანქანა მუშაობს. მანქანის ახალი მოდელის წარმოებას საშუალოდ 7 წელი სჭირდება. ამიტომაც კომპანიებმა აქტიურად უნდა დაიწყონ მომზადება.“ – აცხადებს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი დეივიდ ბეილი.

ამ ამბიციურ გეგმას უარყოფითი მხარეებიც მოჰყვება. ევროპულმა კომპანია „სტელანტისმა“ განაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნები ზედმეტად მკაცრია. მათი თქმით, ამის გამო მათ ინგლისში „ოპელისა“ და „ვოქსჰოლ ასტრას“ მწარმოებელი ქარხნების დახურვა მოუწევთ.

„ავტომობილების მწარმოებლები გეგმავენ, რომ 2025 წლამდე ელექტროავტომობილის 325 ახალი მოდელი გამოუშვან. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ვადებში ვერ ეტევიან, უბრალოდ ცდილობენ, დრო მოიგონ და კონკურენტებს დაეწიონ.“ – აცხადებს გრეგ არჩერი, გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის დირექტორი

 ადრე გაერთიანებული სამეფო ავტომობილების წარმოებაში ლიდერობდა. თუმცა ახლა მოთხოვნის შემცირებას ბრექსიტი დაემატა, რამაც მდგომარეობა შეცვალა. ახლა წინ ევროპა გაიჭრა, სადაც ელექტრობატარეების ახალი ქარხნები შენდება.

„ბატარეებისა და ავტომობილების წარმოება ერთმანეთთან ახლოს უნდა მიმდინარეობდეს. ბატარეები ძალიან მძიმეა და მისი დიდ მანძილზე გადატანა რთულია. ახალი ქარხნები შენდება აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში. გაერთიანებულ სამეფოში კი მხოლოდ ერთი ქარხანაა სანდერლენდის მახლობლად. ჩვენ ჩამოვრჩებით, თუმცა დრო გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებს დავეწიოთ.“ – აცხადებს სტეფენ გიფორდი, ფარადეის სახელობის ინსტიტუტის პროფესორი.

პროცესს ხელს ბრექსიტიც უშლის. იმისათვის რომ ბრიტანულ მანქანებს ევროკავშირში ტარიფები არ დაეკისროს, მათი ნაწილების უმეტესობა გაერთიანებულ სამეფოში უნდა იყოს დამზადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend