საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თითოეული მათგანი გირაოს სახით 20 ათას ლარს გადაიხდის.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოეულს 20 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოთო ჩანაცვლების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელიც გირაოს სახით 30 000 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა. თუმცა სასამრთლომ გირაოს თანხა 10 ათასი ლარით შეამცირა.
სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსთან მიმართებაში.
რამდენიმე დღის წინ კი, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურამ დაადგინა, რომ ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
როგორც სასამრთლოზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ თუ სასამართლო გირაოს გამოიყენებდა, გონივრული თანხა უნდა მოეთხოვა.
დაცვის მხარემ სასამართლოს პირად თავდებში რამდენიმე პირი შესთავაზა. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია, პარლამენტის ყოფილი წევრები ნინო გოგუაძე და ელენე ხოშტარია, ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე.
მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.