მთავარი საქართველო Wizz Air -ი საქართველოში რეგულარულ ფრენებს პირველი თებერვლიდან არ განაახლებს

Wizz Air -ი საქართველოში რეგულარულ ფრენებს პირველი თებერვლიდან არ განაახლებს

კომპანია Wizz Air -ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ფრენების გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება რეგულარული ფრენები ქუთაისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

„მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია. ამიტომ ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრენები მალე აღდგეს,  თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია“, ამბობს ანდრას რადო, კომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.


2020 წელს საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების მიუხედავად, Wizz Air -მა საქართველოში რეგულარული ფრენები ვერ აღადგინა. მთავრობის წევრების განცხადებით, კომპანიას ქუთაისიდან კვირაში ათი მიმართულებით სურდა რეგულარული ფრენების დაწყება, თუმცა პანდემიის გამო დიდი რაოდენობით ტურისტის მისაღებად საქართველო მზად არ იყო. ახლა ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ რეგულარული ფრენები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

„ჩვენ მთავრობასთან ერთად  ვეძებთ გზებს, რომ ბაზარს კვლავ დავუბრუნდეთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ფუნქციონირება და ქართველ მომხმარებელს, შეძლებისდაგვარად, ბევრი მიმართულებით შევთავაზოთ მოგზაურობა“, – აცხადებს ანდრას რადო, კომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

ანდრას რადოს თქმით, კომპანია ბილეთებზე ფასების გაზრდას არ გეგმავს და მომხმარებლებს კვლავ იაფ ფრენებს შესთავაზებს. ჯერჯერობით არ შეცვლილა არც უსაფრთხოების წესები.

ჩვენთან სავალდებულო იყო პირბადის ტარება მგზავრებისთვის. ხოლო ეკიპაჟი, პირბადეების გარდა,  სამედიცინო ხელთათმანებითაც იყო აღჭურვილი. ჩვენი სავენტილაციო სისტემა ძალიან თანამედროვეა, ჰაერის 99,97 მეასედი პროცენტი გაფილტრულია და ამიტომ თვითმფრინავშიც ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორიც საავადმყოფოში“, – ამბობს ანდრას რადო, კომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

კომპანია არ გეგმავს, რომ მგზავრებს პისიარტესტირების ან ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს თვითმფრინავში ასვლამდე. თუმცა, შესაძლოა, ამ დოკუმანტაციის წარდგენა სავალდებულო იყოს კონკრეტულ ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები