მთავარი ამბები კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი...

კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. 26 იანვრის  სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მიხედვით, სესიის მეორე დღეს პირველ რიგში  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხით დაიწყო, სადაც რამდენჯერმე ახსენეს საქართველო-რუსეთის დავა 2008 წლის ომის საქმეზე, რომელიც სტრასბურგმა  21 იანვარს  საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული ეს საშუალება, რათა გვესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს და იმ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა. საქართველომ წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დავაში. ახლა უკვე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ რუსეთის მხრიდან მისი აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ასამბლეის სხვადასხვა დელეგაციის წევრების გამოსვლებში კარგად ჩანდა ზეწოლა ამ საკითხის მიმართ და ქართული დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაც.

კუჭავამ დელეგატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, ის, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა. კერძოდ, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა, ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ  გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

„ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ, ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს? განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“,-  ასე მიმართა ასამბლეის წევრებს კახა კუჭავამ.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

ევროპული კონვენციაევროპული კონვენცია
Send this to a friend