აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს. სოციალურ ქსელში მომხდარ ინციდენტზე ახლაც აქტიურად მსჯელობენ.
23 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს მოღალატეს უწოდებდნენ იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.
ჩავლეიშვილს მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თავზე ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რომლებიც დევნასა და ხულიგნობას ითვალისწინებს.
ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას“, – ამბობს ლომჯარია.
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს: „ვინც კი ადამიანის თავზე ნაგვის ურნის ჩამომხობას ნორმალურად მიიჩნევს, თუნდაც იმის გამო, რომ ეს ადამიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გავიდა და მერე არ შეუერთდა ოპოზიციის ბოიკოტს, არის სულით ბოლშევიკი და პოტენციური და არა მხოლოდ პოტენციური მოძალადე“.
ამ ამბავს გამოეხმაურა პოეტი პაატა შამუგიაც. „ამ საქციელთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, როგორც მიზეზს და არა აქტივისტს, რომლის ქმედებაც მხოლოდ შედეგია. როცა ხალხს ართმევ არჩევანის უფლებას, მას აძლევ ყველაფრის უფლებას. ასეთია ჟანრის კანონი“.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სალომე სამადაშვილისა და რომან გოცირიძის სტატუსებმა. მათ დაგმეს პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა.
თავად მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარის“ წარმომადგენელმა ზეინაბ დიასამიძემ თავის გვერდზე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია ის, რაც იკადრეს „ალტერნატივის“ აქტივისტებმა. მისი თქმით, ამ საქციელის გამო მთლიანად გადაიფარა ის აქტუალური თემა, რომლისთვისაც ბათუმელები შეიკრიბნენ. ისინი ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უფლების გაცემას ეწინააღმდეგებოდნენ.