საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 იანვარს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, შეხვდება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენა იქნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას – საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს.
შეხვედრის დღის წესრიგში მთავარ განსახილველ საკითხებს შორის არის პანდემია და საქართველოს მიერ ევროკავშირის წვერობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენა. მხარეები განიხილავენ, როგორ ემზადება საქართველო განაცხადის წარდგენსითვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს.
„პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი, ეს არის კოვიდ 19-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე გარემოება არის საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციაზე, როგორც სრული ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯზე. წელს უნდა ჩატარდეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ეს თემაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“, – განმარტა ნატალი საბანაძემ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ბელგიის მეფეს და კულტურული ფესტივალის – Europalia – წარმომადგენლებს.
„როგორც ცნობილია, ორ წელიწადში საქართველო ამ ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება. პრეზიდენტის პატრონაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში“, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ორი დღის წინ ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.