მთავარიამბებისაქართველოს მთავრობამ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოსახლოების 60 პროცენტის აცრას ისახავს მიზნად. აცრა მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით მოხდება.

საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს გამართულ სხდომაზე ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.

„მოგეხსენებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე მუშაობის დასრულებისა და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. 15 დეკემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ – ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დოკუმენტის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.

გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი მიზნობრივი ჯგუფები აიცრებიან.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად ტექნიკურად მზად არის.

„დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია, ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით. ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გაივლის.

„მთავრობა განაგრძობს ორმხრივ მოლაპარაკებებს მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველო, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია COVAX-ის პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ 5-6 თვის წინ ამ პლატფორმაზე შეიტანა მოთხოვნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას   მილიონ-ნახევარი ვაქცინა მოაწოდონ. საქართველომ შესაბამისი ფინანსური რესურსი  უკვე  გადარიცხა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend