თითქმის ერთი წელია საქართველოში თეატრები დახურულია. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები უპირველესად სწორედ ამ სფეროს შეეხო. მსახიობებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის განახლდება რეპეტიციები. ვიდრე მაყურებელი დარბაზში დაბრუნდება, მსახიობების ნაწილი ონლაინ სპექტაკლებში თამაშობს. დამწყებმა მსახიობმა, სანდრო სამხარაძემ პირველ წარმატებას სწორედ ონლაინ სპექტაკლით მიაღწია.
მსახიობ სანდრო სამხარაძის გზა ახლა თეატრში არ მიდის… მან პროფესიულ თეატრში მხოლოდ ერთი როლის შესრულება მოასწრო. შემდეგ თეატრი დაიკეტა.
„ბავშვობიდან პირველი რაც მახსოვს, ეს არის ის, რომ მსახიობობა მინდოდა. არა მხოლოდ თეატრის, კინომსახიობიც მინდა ვიყო, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ჩანს არაფერი… თეატრში ვმუშაობ და ნელ-ნელა დავიწყე სპექტაკლები“ – ამბობს სანდრო სამხარაძე.
თეატრების დახურვის შემდეგ გამოსავალი მალე მოიძებნა – სანდრომ ონლაინ სპექტაკლში ითამაშა. სპექტაკლში, სადაც მოქმედება განუსაზღვრელ დროში ვითარდება, ისეთ ადგილას, საიდანაც გასასვლელი არ არის.
„ეს სპექტაკლი არის ადამიანზე, რომელიც თითქოს გამოსავლებს ვერ პოულობს. პიესა მთლიანად მის ამბავზეა. ერთგვარ სტატიკურ მდგომარეობაზე, დადგენილ ჩარჩოებზე“ – ასე აღწერს სანდრო სამხარაძე პოლონელი დრამატურგის, პშემისლავ პილარსკის პიესას.
„მამა თავს იხრჩობს ტყეში“ – ასე ჰქვია ვირტუალურ სპექტაკლს, რომელმაც დამწყებ მსახიობს პირველი წარმატება მოუტანა. ის საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში დააჯილდოვა. ახლა ყველაზე მეტად სცენაზე დაბრუნება ენატრება. ნამდვილ სცენაზე, სადაც მაყურებელს თავადაც დაინახავს.
„ჩემი მთავარი მიზანი არის მუშაობა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა… მინდა, ვიმუშაო იმ რეჟისორებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, რომლებიც მომწონს. მინდა, მუდმივად ვიყო ამ საქმეში ჩართული. ეს არის ჩემი ძალიან დიდი მიზანი, ოცნება და ყველაფერი, საერთოდ…“ – ამბობს სანდრო სამხარაძე.
დამწყები მსახიობისთვის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვერავინ ამბობს, როდის დაბრუნდება სცენის მტვერი და კულისები. მაგრამ რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს აბსურდული გაურკვევლობა, სანდრომ იცის, რომ პროფესიას, არასდროს შეიცვლის.
ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი