მთავარიდღის ამბებიპენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს არ აღირებს

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს არ აღირებს

საქართველოს პენიტენციური სამსახური არ აღირებს  ომბუდსმენის ბრალდებას ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მოდელის არსებობის შესახებ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეთანხმება ომბუდსმენის ბრალდებებს ციხეებში პატიმრების უფლებების უხეში დარღვევისა და  კრიმინალური ავტორტეტების სისტემის არსებობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა 20 იანვარს განაცხადა, რომ მისი აპარატის თანამშრომლებს ციხეებში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგის პროცესს ხელს უშლიან. ნინო ლომჯარია თვლის, რომ ამის უკან გარკვეული კრიმინალური სუბკულტურა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სისტემა დგას, რომელიც პატიმრებზე მავნე ზეგავლენას ახდენს. ამიტომ ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას სთხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და შეცვალოს კრიმინალური ავტორიტეტებით მართვის მოდელი.

ლომჯარიას პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა არ არის და პატიმრებს ადმინისტრაცია არ მართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა ყოველმხრივ უწყობს ხელს  ომბუდსმენისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელებას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე   პატიმრების მხრიდან ორგანიზებულ თავდასხმებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას  პატიმრების განწყობაზე გავლენის მოხდენის არავითარი ბერკეტი არ გააჩნია და პირიქით, ომბუდსმენის თანამშრომლების უსაფრთხოებას იცავს. შესაბამისად, რომელიმე პატიმრის უკმაყოფილება ომბუდსმენის თანამშრომლების მიმართ მხოლოდ მათი პირადი განწყობაა.

„თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, პენიტენციურ სამსახურს არც პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა ადმინისტრაციის ზეგავლენით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.

 

„ პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით,  კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის განეიტრალებას არეგულირებს  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა.

შესაბამისად, N395 ბრძანების საფუძველზე, ის მსჯავრდებულები, რომლებიც კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ თანაგრძნობით გამოირჩევიან, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან და როგორც წესი, საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო.  ამ ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღემდე ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა.

„შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,”– აღნიშნულია განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend