მთავარიდღის ამბებიოპოზიციის გეგმები

ოპოზიციის გეგმები

 

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი იგეგმება. ამასობაში, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ერთმანეთთან კონსულტაციას მართავენ. ოპოზიციის წევრები თებერვლიდან საქმიანობის გააქტიურებას აპირებენ და ახალ შეკრებებს გეგმავენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, თუმცა, დღეს. 20 იანვარს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდებიან. მანამდე კი ოპოზიციაში ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და ამბობენ, რომ პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერის შესვლა მათთვის არაფერს ცვლის. ისინი კვლავ ინარჩუნებენ ერთიანობას.

„ოპოზიციას თუ თავისი გაცხადებული მოთხოვნები აქვს, ეს პაკეტი არ იცვლება. შესაბამისად, თუ იმის კონკრეტული გეგმა არ იქნება, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები და რა იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაშინ ეს პროცესი ჩიხში შევა“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საპარლამენტო მანდატებზე უარს ვამბობთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა. პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. მანამდე  კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მათ ოპოზიციის ერთიანობის არ სჯერათ და არ უკვირთ, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სხვების განცხადებებს არ ეთანხმება.

ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს, აჩვენოს ყველას რომ არიან ერთიანები, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია. რეალურად, გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ თავიანთი მანდატები მიიღონ, შემოვიდნენ პარლამენტში, მუშაობა დაიწყონ და ქუჩის ნაცვლად, პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი – არა, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოპოზიციაში დაძაბულობის მიზეზს წარმოადგენს“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, თუმცა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე ფიქრობს და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

 

ავტორები: ანა ალელიშვილი, ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend