საქართველოს ყველაზე დიდი ელექტროსადგური „ენგურჰესი”, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 3 თვით მუშაობას სრულად შეწყვეტს.
“ენგურჰესის” რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო-სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან 18 იანვარს განიხილა.
მინისტრის განცხადებით, ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით, მისი დროებით გაჩერება აუცილებელია.
ქვეყნის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ექსპლოატაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა და მისი კომპლექსური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა.
„ენგურჰესი“ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროსადურია. ამიტომ მის გასაჩერებლად ოპტიმალური პერიოდი ზამთარი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი წლის სხვა დროსთან შედარებით, ყველაზე მცირეა. პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება. ელექტროსადგური ექსპლოატაციაში 2021 წლის პირველ მაისს უნდა დაბრუნდეს.
“ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონი ევროა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონს კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური რესურსი.
პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი სწორედ ამ გვირაბით მიეწოდება. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო.
სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
ეროვნულმა სადისპეტჩერო ცენტრმა შეიმუშავა სპეციალური სქემა, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან განმხოლოებას გულისხმობს.
საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას.
რაც შეეხება აფხაზეთს, რომელსაც ელექტროენერგიით „ენგურჰესი“ ამარგებს, მისი რემონტის პერიოდში ელექტროენერგიით აფხაზეთს რუსეთის ფედერაცია მოამარგებს.