მთავარიdraft geoკარანტინის დროს ქალებზე ძალადობამ მოიმატა

კარანტინის დროს ქალებზე ძალადობამ მოიმატა

ავტორი: ანა ალელიშვილი

კარანტინის დროს, ქალებზე ძალადობა გაიზრდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კარანტინის პერიოდში დახმარებისთვის უფრო ხშირად მიმართავენ.  მომართვების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებიდან. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ქალთა თავშესაფრებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. საქართველოში სულ 5 ასეთი თავშესაფარი და ამდენივე კრიზისცენტრია. თითოეულ თავშესაფარში მხოლოდ 20 ქალის მიღება შეუძლიათ, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია.

„16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ყოფილმა ქმარმა მომიტაცა, ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. ჩემი ყოფილი მეუღლე თავიდანვე სასმელზე დამოკიდებული იყო. ჩემ მიმართ ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა პირველი შვილი შეგვეძინა“, – ამბობს ქალი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

იგი იხსენებს, რომ მეუღლე მასზე 9 წლის განმავლობაში ძალადობდა – როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.  ამბობს, რომ ამ თემაზე ნათესავებთანაც ვერერაფერს ამბობდა. ერთხელ სახლიდანაც გაიქცა, მაგრამ ისევ მეუღლესთან აღმოჩნდა.

„იყო ბოდიშები, მეუბნებოდა, რომ მეტად ასე აღარ მოვიქცევი… თუმცა გავიდა ხუთ დღე და რასაც ხელზე ხედავთ, მისი გაკეთებულია. დალია და როგორ გაბედე სახლიდან წასვლაო, ისევ მცემა“, – ამბობს ანონომური რესპონდენტი.

ქალთა თავშესაფარში დღეს ბევრი ქალია, რომელიც ოჯახურ ძალადობას გამოექცა.

საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ხუთი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, თუმცა თავშესაფარში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე იქ არსებული ადგილები.

ამ თავშესაფარში 8 დედა და 13 ბავშვი ცხოვრობს. აქ ქალები სხვადასხვა ხელობას სწავლობენ, ერთმანეთს უმეგობრდებიან და ცხოვრების სტიმულსაც ერთმანეთის თვალებში ეძებენ.

„ქალებს აქ ყოფნის პერიოდშიც ვეხმარებით, სპეციალობის შეძენაში, დასაქმებაში. აქედან გასული გოგონები ხშირად ერთად ქირაობენ ბინას და რიგრიგობით მუშაობენ. მაგალითად, როდესაც ერთია სამსახურში, მეორე ბავშვს იტოვებს და პირიქით“, – ამბობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე

ვითარებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც ართულებს. თავშესაფარში მოხვედრილ ქალებს დროებით სასწავლო კურსები შეუჩერდათ, რადგან მათი მასწავლებლები კოვიდით დაავადდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პანდემიის დროს მსხვერპლთა რაოდენობამ იმატა.

„კარანტინის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი ქალების მომართვიანობამ ნამდვილად მოიმატა. შეიძლება ითქვას, რომ ეს რიცხვი განსაკუთრებით დიდი ეკონომიური ძალადობის ჭრილშია. განსაკუთრებით მომატებული მომართვიანობა რეგიონებიდან არის, ვინაიდან ხშირად  ქალი მემკვიდრედ არ ითვლება და შესაბამისად, ქალს, რომელმაც მეუღლეს ან პარტნიორის დააღწია თავი, ოჯახში აღარ იღებენ“, – ამბობს  ელისო რუხაძე, „საფარის“ ადვოკატი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ მათ  ქალებზე ძალადობის მიზეზებიკარგად იციან.

„ოჯახური ძალადობა ერთ დღეს არ ყალიბდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გამჟღავნდა და ძველებური ფარული ხასიათი დაკარგა ძალადობამ“, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი ნესტან ლონდარიძე.

„თუ მოძალადეები ადრე დასაქმებულები იყვნენ, ან ქუჩაში იდგნენ და იქ ატარებდნენ თავისუფალ დროს 9 საათის შემდეგ, ახლა ეს შეუძლებელია. 112-ის აპლიკაციაც არსებობს, რომელიც შეუძლიათ ქალებს, რომ გამოუწერონ, თუმცა ასევე ვურჩევ, გამოიწერონ “safe you”, – ამბობს „საფარის“ ადვოკატი ელისო რუხაძე.

პანდემიის დროს, ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებაზე ბევრი ოცნებობს. თუმცა, ძალადობის მსხვერპლი ქალების ოცნება სხვაა…

„მე მინდა, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალებს არ კლავენ…“ – ამბობს ქალი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend