მთავარი COVID-19 წელს ქართული თეატრის დღე ვერ აღნიშნეს

წელს ქართული თეატრის დღე ვერ აღნიშნეს

უკვე მრავალი საუკუნეა, რაც თეატრალური წარმოდგენები არსებობს, თუმცა პროფესიული თეატრი საქართველოში 1850 წელს დაარსდა. ზუსტად 171 წლის წინ, 14 იანვარს, თბილისში პირველი სპექტაკლი –  გიორგი ერისთავის ‘’გაყრა’’ დაიდგა. თეატრმცოდნეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ დღეს დაიბადა ქართული პროფესიული თეატრი.

გიორგი ერისთავმა პირველი სპექტაკლი დღევანდელი პირველი სკოლის შენობაში დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი გიორგი ერისთავი იყო და სპექტაკლში ერთ-ერთ პერსონაჟს, სომეხ ვაჭარსაც, თავად განასახიერებდა.

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურის თქმით, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც  ამ თარიღს არ აღნიშნავენ. მისი აზრით, ეს იმ ადამიანების დღეა, რომლებსაც უყვართ თეატრი და თავდაუზოგავად ემსახურებიან მას.

პანდემიამ კულტურის სფეროზე, ისევე, როგორც ბევრ სხვა მრავალ სფეროზე, უარყოფითად იმოქმედა. გამონაკლისი არც თეატრი ყოფილა.

„2020 წელი როგორც ქართული, ისე მსოფლიო თეატრისთვის მხოლოდ გაჩერების წელი კი არ იყო, არამედ უკან დახევისაც“, – განაცხადა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა.

ბევრი სირთულის მიუხედავად, პანდემიის დროს ბევრი კარგი რამ გაკეთდა.  მაგალითად, თეატრის წარმომადგენლებმა ახალი სივრცეები აითვისეს, ონლაინფორმატზე გადავიდნენ და  ახალი იდეები გაუჩნდათ.

„ამ დრომ რეჟისორებს  ძველი იდეების გადაფასების საშუალება მოგვცა. ახალ პროექტებზე, სათეატრო ენასა და აზრებზე დავიწყეთ ფიქრი. ერთი სული გვაქვს, როდის დავბრუნდებით სცენაზე, რომ ახალი რაღაცები მოვსინჯოთ“, – ამბობს ავთო ვარსიმაშვილი.

მართალია, თეატრის დღე წელს არ აღნიშნეს, თუმცა ხელოვნების ამ ჟანრის მოყვარულები  იმედოვნებენ, რომ  მაყურებელი თეატრს  მალე დაუბრუნდება.

 

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი