მთავარი მსოფლიო ეგვიპტური სარკოფაგები- კაიროსთან ახლოს 4000 წლის წინანდელი სარკოფაგები აღმოაჩინეს

ეგვიპტური სარკოფაგები- კაიროსთან ახლოს 4000 წლის წინანდელი სარკოფაგები აღმოაჩინეს

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სამხრეთით, საქარაში, დიდ ნეკროპოლისში უძველესი სამარხი და სარკოფაგები აღმოაჩინეს.  სამარხი  ფარაონ ტეტის მეუღლეს, დედოფალ ნეიტს ეკუთვნის. სამარხი და სარკოფაგები  პირამიდის მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც დაკრძალულია ფარაონი ტეტი, ეგვიპტის მეექვსე დინასტიის პირველი ფარაონი. საქარა კაიროდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ის  ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის, მემფისის მთავარი ნეკროპოლისი იყო. საქარა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

 

არქეოლოგიური სამუშაოები საქარაში 2007 წლიდან მიმდინარეობს.

გათხრებისას აღმოაჩინეს ქანდაკებები, სტელები, სათამაშოები, ხის ნავები და მიცვალებულებისთვის განკუთვნილი ნივთები, ასევე 5 მეტრის სიგრძის პაპირუსი, რომელზეც მიცვალებულთა წიგნის მეჩვიდმეტე თავია დატანილი.

ზაჰი ჰავასი- არქეოლოგი:

„ჩვენ 22 სამარხი აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთ სამარხში 54 კუბო იყო. თითოეულ კუბოში კი მუმია აღმოჩნდა. ერთ-ერთ კუბოში კი 5 მეტრის სიგრძის პაპირუსიც ვიპოვეთ.”

კუბოებზე უამრავი გამოსახულებაა, რომლებიც იმ პერიოდის ღმერთების თაყვანისცემის რიტუალებს აღწერს.

ექსპედიცია ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს, ახალი ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა და არქეოლოგ ზაჰი ჰავასის ინიციატივით დაიწყო.

ზაჰი ჰავასი- არქეოლოგი:

„ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, სინამდვილეში, სამგლოვიარო ტაძარია, რომელიც ამ პირამიდას ეკუთვნის. ის 4 200 წლის წინ უნდა იყოს აგებული, ძველი სამეფოს  მეექვსე დინასტიის დროს. ამ ტაძრის გვერდით  საცავი ვიპოვეთ, რომელშიც იარაღები ინახებოდა. როგორც ჩანს, ამ იარაღებს რიტუალების დროს იყენებდნენ.“

არქეოლოგების აზრით, ახლადაღმოჩენილმა სამარხებმა შესაძლოა  უძველესი ეგვიპტის ისტორია კიდევ ერთხელ შეცვალოს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend