მთავარი დღის ამბები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს

ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. ევროკავშირის არაწევრი ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, ევროკავშირმა ისინი მიატოვა. ალბანეთი ვაქცინებს სააგენტო „კოვაქსისგან“ ელოდებიან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქცევა ამორალურია.

ალბანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. რიგში პირველი სამედიცინო მუშაკები დგანან. ქვეყანამ ასობით ვაქცინა ევროკავშირის ანონიმური წევრი ქვეყნისგან მიიღო. დასავლეთ ბალკანეთში ალბანეთი მეორე ქვეყანაა სერბეთის შემდეგ, რომელმაც  თავისი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც ევროკავშირის სხვა არაწევრმა ქვეყნებმა, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებმა ვაქცინის მიმწოდებელ საერთაშორისო სააგენტო „კოვაქსს“ მიმართეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ეს პლატფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების პირველი სერია და მასთან დაკავშირებული სამედიცინო აპარატურა რეგიონში ევროკავშირის დახმარებით ჩამოვიდა, ბალკანეთის 6 ქვეყანა თავს მაინც მიტოვებულად გრძნობს.

„ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ჯერ საკუთარ თავზე იზრუნოს. ვაქცინის მისაღებად ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან არის შესაძლებელი. „კოვაქსი“ ოდესმე ამოქმედდება, თუმცა როდის, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც ახლა ვხედავ, ქვეყნები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ასე იქცევა ევროკავშირი, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას პირველი დღიდან ვამბობ. ეს მორალურად და პოლიტიკურადაც მიუღებელია და თან ალოგიკურიც”,  – აცხადებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა.

რუმინელი ევროპარლამენტარის ვლად გეორგეს აზრით, ევროკავშირი კარგად უმკლავდება ვაქცინების განაწილებას საკუთარ წევრებს შორის. მისი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის მეტი უნდა გაკეთდეს.

„იმედი მაქვს, გამოსავალს ვიპოვით და ჩვენი მოქმედების არეალს გავზრდით.  ჩვენი მოქმედება ამ კრიზისის პერიოდში განსაზღვრავს, თუ როგორი ურთიერთობა გვექნება სერბეთსა და ალბანეთთან მომავალი 10 ან 20 წლის განმავლობაში”,  – განაცხადა მან.

ალბანეთმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის მიერ მოწოდებული ვაქცინების ნაწილს მომავალ კვირას კოსოვოს უწილადებს. უახლოეს მომავალში კოსოვო „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათას დოზას ელოდება. დასავლეთ ბალკანეთის დანარჩენ ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს კი კვლავ „კოვაქსის“ იმედზე უწევთ ყოფნა.

უახლესი

სხვა ამბები