მთავარი COVID-19 ევროპაში შეზღუდვების გამკაცრებას მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აპროტესტებენ

ევროპაში შეზღუდვების გამკაცრებას მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აპროტესტებენ

ავტორი: მარიამ ქობულია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს, ევროპის ქვეყნებში კვლავ მაღალია კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  45 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჰოლანდიის მთავრობამ  შეზღუდვები თებერვლის პირველი კვირის ბოლომდე გააგრძელა. საფრანგეთსა და იტალიაში კი ბიზნესის   წარმომადგენლებმა  შეზღუდვების გახანგრძლივება გააპროტესტეს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ იკლებს. ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, შესაძლოა,  შეზღუდვები თებერვლის პირველი კვირის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის მიზეზად დიდ ბრიტანეთში  ახალი შტამის სწრაფად გავრცელება დასახელდა.

,,კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ იკლებს, ახლა კი უკვე დიდ ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ძალიან გვაღელვებს ეს ყველაფერი. ლონდონსა და ირლანდიაში არსებული ვითარება საგანგაშოა და ამიტომ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ვირუსის სწრაფი გავცელების გამო, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პანელმა ხალხს  უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ვინც უსაფრთხოების ნორმებს დაარღვევს, სამართალდამაცვები პასუხს აგებინებენ.

გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებს უკვე აქვთ კოვიდვაქცინის საკმარისი რაოდენობა, უკრაინა კი, ჯერჯერობით, ვაქცინის ნაკლებობას განიცდის. უკრაინის მთავრობამ დახმარება ევროკავშირს სთხოვა. გასულ კვირაში ევროკავშირის ცამეტმა წევრმა ქვეყანამ ბრიუსელს მოუწოდა,  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს  მოსახლეობის ვაქცინაციაში დაეხმაროს.

ამავდროულად, მთელ ევროპაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და კარანტინის გაგრძელების ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ შეზღუდვები სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. იტალიის დედაქალაქში ტურისტული სექტორის ათასობით წარმომადგენელი შეზღუდვების გასაპროტესტებლად  შეიკრიბა.

საფრანგეთში დაწესებულმა შეზღუდვებმა  სპორტული დარბაზების წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობამ  დაივიწყა და თავს მოტყუებულად გრძნობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები