მთავარი გადაცემები კუბი ბაიდენის ინაუგურაციამდე ტრამპი "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" ვერაფერს დაწერს

ბაიდენის ინაუგურაციამდე ტრამპი “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამზე” ვერაფერს დაწერს

ავტორი: დავით კეკენაძე

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” ქსელებზე წვდომა არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე  დაუბლოკეს.  არ არის გამორცხული, რომ ინაუგურაციის შემდეგაც, ტრამპმა ამ სოციალური ქსელებით  კიდევ დიდხანს ვერ ისარგებლოს.

ტრამპის “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა გაურკვეველი დროით გახანგრძლივდა. ამის შესახებ  “ფეისბუკის” დამფუძნებლმა და ხელმძღვანელმა  მარკ ცუკერბერგმა თავის სტატუსში განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, დარჩენილ ვადაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს ხელი შეუშალოს. ჩვენ განუსაზღვრელი ვადით ვახანგრძლივებთ მისი “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” ანგარიშებზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ძალაუფლების გადაცემის პროცესი არ დასრულდება“, — ნათქვამია მარკ ცუკერბერგის სტატუსში.

დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა “ტვიტერმაც”, თუმცა მხოლოდ 12 საათით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა სამი ტვიტი. სამივე განცხადება კომპანიის დადგენილ წესებს ეწინააღმდეგებოდა.

ტვიტერის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ  წესების განმეორებითი დარღვევა დონალდ ტრამპის ანგარიშის, @realDonaldTrump-ის სამუდამო დაბლოკვით დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები