ავტორი: მარიამ ქობულია
საფრანგეთში სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის საკითხს განიხილავენ. საბაგირო გზები და ყველა სხვა ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის დაკეტილია. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება სამთო-სამთხილამურო სეზონი საფრანგეთში, ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით მიიღებს.
მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთში, საყოველთაო კარანტინი დეკემბერში მოიხსნა, სათხილამურო კურორტები ჯერ კიდევ დაკეტილია. კურორტების გახსნის სავარაუდო თარიღად თავიდან 7 იანვარი დასახელდა. თუმცა ეს თარიღი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დონეზე იყო დამოკიდებული.
ყოველწლიურად საფრანგეთის სათხილამურო კურორტებს, დაახლოებით, 10 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ბოლო მონაცემებით, ამ სექტორიდან ქვეყანა 10 მილიარდი ევროს შემოსავალს იღებს და 120 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
მოსახლეობას, მართალია, უფლება აქვს სამთო და სათხილამურო კურორტებს ესტუმროს, მაგრამ იქ საბაგირო გზები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა დაკეტილი რჩება. კურორტების გარდა, ქვეყანაში დახურულიაა ყველა ბარი, კაფე და რესტორანი.
არ არის გამორიცხული, რომ ძველი შეზღუდვების გაუქმებასთანავე ახალი შეზღუდვები დაწესდეს. გასულ წელს პანდემიის პირველი ტალღის დროს ზოგიერთი სათხილამურო ცენტრი ეპიდემიის ნამდვილ კერად იქცა, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას მთელ ევროპაში.