მთავარი სპორტი ქართული სპორტი 2020 წელს

ქართული სპორტი 2020 წელს

ავტორი: გიორგი სანაძე

კოვიდ 19-ის პანდემიამ 2020 წლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ეს ქართულ სპორტზეც აისახა. მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა მაინც მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს.

კალათბურთი

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტი საქართველოსთვის კალათბურთი გამოდგა. ილიას ზუროსის გუნდს, როგორც ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძელს, გარანტირებული აქვს 2022 წლის ევრობასკეტზე თამაში.  ამის მიუხედავად, ნაკრები შესარჩევ ეტაპზე დაუმარცხებლად მონაწილეობს. ფინეთში გამართულ „ბაბლში“ ქართველმა კალათბურთელებმა ორივე შეხვედრა მოიგეს, დაამარცხეს მასპინძელი ფინეთი და შვეიცარია. გუნდს 7 წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარა, თუმცა შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ევროპული გრანდების ვარსკვლავებმა, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. მომდევნო „ბაბლის“ გამართვა თბილისში 2021 წლის თებერვალში იგეგმება.

რაგბი

2020 წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვისაც. „ბორჯღალოსნებმა“ არსებობის ისტორიაში პირველად „შემოდგომის ერთა თასზე“ მიიღეს მონაწილეობა. მართალია, მაღალი დონის ჩემპიონატზე ლევან მაისაშვილის გუნდი ყველა მატჩში დამარცხდა, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღო და ყოველ მომდევნო დაპირისპირებაში უკეთეს შედეგს აჩვენებდა. ირლანდიასთან შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ, გიორგი კვესელაძემ გამოიჩინა თავი. მატჩი ირლანდიელთა გამარჯვებით –  23:10 დასრულდა, თუმცა კვესელაძის მიერ გატანილი ბრწყინვალე ლელო „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესოდ აღიარეს. გიორგი კვესელაძემ ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დამსახურა. მისი თამაში სხვადასხვა კლუბის ხელმძღვანელებს არ გამორჩენიათ და ტურნირის დასრულების შემდეგ 23 წლის მორაგბე „არმაზიდან“ „გლოსტერში“ გადავიდა.

წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა გუნდი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. 2020 წელს საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე 3 შეხვედრა გამართა. ზუკა რურუას გუნდმა პირველი ორი მატჩი „ბრეშასთან“ და „ბარსელონეტასთან“ დათმო, მესამე შეხვედრაში კი მონტენეგროული „იადრანი“ სენსაციურად დაამარცხა. თბილისური კლუბიდან ლიდერის როლი ანდრო ბითაძემ და მარკო ელაჩამ მოირგეს. შეხვედრა ქართველებმა 11:8 მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩებს „დინამო“ 2021 წლის მარტში გამართავს.

ფეხბურთი

2020 წელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას უკავშირდება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უნიკალური შანსი ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად გასულიყო, თუმცა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ჩრდილოეთ მაკედონიელთა გამოცდილმა ფორვარდმა, გორან პანდევმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მარცხის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ქალთა ფეხბურთისათვის 2020 წელი ისტორიული გამოდგა. საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გოგონებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე „ოკჟეტპესი“ და „კლუჟი“ სენსაციურად დაამარცხეს. ორივე შეხვედრაში გუნდის ლიდერი საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ხატია ჭყონია იყო. ჩემპიონთა ლიგაზე „ლანჩხუთი“ „როზენგარდთან“ ორი მატჩის შემდეგ, ჯამში 17:0 დამარცხდა.

ძიუდო

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტის ძიუდოსთვის 2020 წელიც წარმატებული გამოდგა. ხორვატიაში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 8 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.

19-21 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჩათვლაში მესამე პოზიცია დაიკავეს. ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოდგა ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილისთვის. 21 წლის ძიუდოისტმა გამოცდილი მეტოქეები დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

2020 წლის ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლუხუმ ჩხვიმიანი წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად აღიარეს, ტატო გრიგალაშვილმა კი „ამომავალი ვარკვლავის“ წოდება დაიმსახურა.

ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოემზადება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები