მთავარიCOVID-19ვერბირში ბრიტანელი ტურისტები იზოლაციიდან გაიპარნენ

ვერბირში ბრიტანელი ტურისტები იზოლაციიდან გაიპარნენ

ავტორი: ნინი დვალიშვილი

ბრიტანელი ტურისტები შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ვერბირში ბრიტანეთის მოქალაქეებზე დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და სასტუმრო უნებართვოდ დატოვეს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო,  შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ვერბირში ბრიტანეთის მოქალაქეებზე ახალი შეზღუდვები დაწესდა.

კურორტი  ბრიტანელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და  შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანელი სტუმრები ვალდებული იყვნენ, 10 დღიანი იზოლაცია გაევლოთ და სასტუმრო 24 დეკემბერს, შობამდე ერთი დღით ადრე დაეტოვებინათ. ვერბირის სასტუმროში სულ ოთხასამდე ბრიტანელი ტურისტი იმყოფებოდა, თუმცა 200 შეზღუდვებს არ დაემორჩილა და ღამე სასტუმროდან გაიპარა.

სოციალურ ქსელში ბრიტანელი ტურისტების უპასუხისმგებლო საქციელს საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. „სუპერ „გამვრცელებლებს“ არასდროს არ უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა ზამთრის არდადეგების დროს“ –   წერდა ზოგიერთი აღშფოთებული მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი ტურისტული ოფისის წარმომადგენლები ბრიტანელების მიმართ მეტი თანაგრძნობით არიან განწყობილი. მათი აზრით,  ტურისტებს უნებართვოდ აწასვლა იზოლაციის მკაცრმა პირობებმა აიძულა. თუმცა, ზოგმა წესები ბოლომდე დაიცვა.

„ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც ვერბირში ჩვეულებრივ გადის კარანტინს. ბევრმა  უკვე დაასრულა კარანტინი და ახლა თავისუფალია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კარანტინი 14 დეკემბრს დაწესდა და ათი დღე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 24 დეკემბერს იზოლაცია ბევრმა ტურისტმა დაასრულა,“ – განუცხადა „ევრონიუსს“ ტურისტული სააგენტოს დირექტორმა სიმონ ვიგეთმა.

შეზღუდვები  შობის ღამეს შემსუბუქდა. ბრიტანელებს  შესაძლებლობა მიეცათ, შინ დაბრუნებულიყვნენ, მათ შორის ის ტურიტებიც, ვინც კარანტინში იყვნენ. მათ უბრალოდ შეზღუდვები უნდა დაეცვათ და შვეიცარიის მთავრობა წასვლის წინ გაეფრთხილებინათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend