მთავარიCOVID-19ბულგარეთში ვაქცინაცია თვის ბოლოს დაიწყება

ბულგარეთში ვაქცინაცია თვის ბოლოს დაიწყება

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

 კორონავირუსის ვაქცინას ევროკავშირის ღარიბი ქვეყნებიც მიიღებენ. პირველი ასეთი ქვეყანა ბულგარეთი იქნება. იქ ვაქცინას 25 დეკემბრისთვის ელიან. ვირუსის მეორე ტალღამ ბულგარეთს საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიაყენა.

საავადმყოფოებს უჭირთ, საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ, ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება… ევროკავშირში ეს საერთო სურათია. ამ დროს კი ბულგარეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია –  ყოველ 100 000 მოსახლეზე 27 გარდაცვლილია. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა. მხოლოდ სკოლები, რესტორნები და ბარები დაიკეტა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრისთვის გეგმავენ. სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურის ინსპექტორ ანგელ კუნჩევის მიხედვით, ვაქცინაცია, პირველ რიგში, დაახლოებით 500 ადამიანს ჩაუტარდება.

„ესენი იქნებიან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ქალაქების საავადმყოფოებში მუშაობენ. ეს ის ხალხია, რომელთაც კოვიდპაციენტებთან ყოველდღიური მუშაობა უწევს“, – განაცხადა კუნჩევმა.

ვაქცინაციის პროგრამის შემდეგი ეტაპი  მოსახლეობაზეა გათვლილი, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში შიშობენ, რომ ვაქცინას ხალხი არ ენდობა. კუნჩევი თვლის, რომ ქვეყნისთვის ვაქცინის მიწოდების ლოგისტიკური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი პრობლემა ხალხში არსებული შიში და უნდობლობააა.

„ნებაყოფლობითი ვაქცინაციის სხვა პროგრამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვაქცინაციის მსურველთა პროცენტი არცთუ ისე მაღალია. ის 30-35 პროცენტამდე მერყეობს. იმედი მაქვს, რომ ხალხი ახლა გონივრულად მოიქცევა“, – ამბობს კუნჩევი.

ბულგარეთისთვის პირველი დაბრკოლება ვაქცინის მიღება იყო. მეორე მხრივ, მათ არ ჰქონდათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ ამპულები მინუს 70 გრადუსზე შეენახათ.

ვაქცინის უსაფრთხოდ შესანახად და სხვადასხვა რეგიონში გასაგზავნად ბულგარეთის მთავრობას საყინულეების ყიდვა მოუწია. პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ვაქცინაციის გეგმაზე დეკემბრის დასაწყისში, საყინულეების მიღებისთანავე, ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ახლად შეძენილი საყინულეები ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაათვალიერა. მან განაცხადა, რომ ხალხს ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოს.

„სურვილის შემთხვევაში, ხალხს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს. ეს არდადეგების დროსაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს მხოლოდ ნებაყოფლობითია. ვაქცინა დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ, ევროპის წამლის სააგენტო კი  ნდობას უცხადებს მას. ბულგარეთს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს. პირველ რიგში, მოსახლეობის 70 პროცენტს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. ვაქცინაციის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend