მთავარიკუბი"ფეისბუკის" ადამინისტრაციამ აფრიკაში ტროლების ორი ქარხანა აღმოაჩინა

“ფეისბუკის” ადამინისტრაციამ აფრიკაში ტროლების ორი ქარხანა აღმოაჩინა

ავტორი: ანეტ მიქელაძე

სოციალური ქსელის “ფეისბუკის” ადმინისტრაციამ აფრიკაში ორი ე.წ. “ტროლების ქარხანა” აღმოაჩინა. “ფეისბუკის” მოსაზრებით, ერთს რუსეთი მართავს, მეორეს კი – საფრანგეთი და ორივე საკუთარი ქვეყნის გავლენის გაძლიერებაზე ზრუნავს. 

“ფეისბუკის” ადმინისტრაციის საინფორმაციო ბლოგის მიხედვით, აღმოჩენილი ტროლების ქარხნების სამიზნე ცენტრალური აფრიკის მოსახლეობა იყო. ტროლებს რუსეთიდან და საფრანგეთიდან მართავდნენ. როგორც სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღმოაჩინეს ტროლების ორი დაჯგუფება, რომლებიც სამიზნე ქვეყენებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ.

გარდა ამისა, პირველად აღმოაჩინეს ტროლების დაჯგუფება, რომელიც  დასავლური ქვეყნის ხელისუფლებას ემსახურებოდა.

რუსეთის მხრიდან ყალბ ანგარიშებს კოორდინაციას უწევდნენ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული ადამიანები, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებული პირები.

რუსეთისა და საფრანგეთის ტროლების სამიზნე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იყო, სადაც დეკემბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.  რუსი ტროლები აქტიურობენ მადაგასკარში, კამერუნსა და მოზამბიკში. რაც შეეხება ფრანგებს, ისინი უფრო მალიზე, ნიგერიაში, ალჟირსა და ჩადში აქტიურობდნენ.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ორივე ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაში ერთი და იმავე ტაქტიკას იყენებდა. საფრანგეთიდან მართული ანგარიშების ავტორები წერდნენ, რომ საფრანგეთი დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ აფრიკაზე. ასევე გვხვდება გამაფრთხილებელი სტატუსები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი  არჩევნებში ჩარევას აპირებს. თავის მხრივ, რუსი ტროლები ხაზს უსვამდნენ, თუ როგორ ებრძვის რუსეთი ტერორიზმს აფრიკაში და რომ ის აპირებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ ვ“ გაგზავნოს. რუსი ტროლები  საფრანეთის საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებდნენ.

მოქიშპე ტროლების ჯგუფები კომენტარებში ერთმანეთს აკრიტიკებდნენ და  ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს.

ეს პირევლი შემთხვევა არ არის, როდესაც “ფეისბუკმა”  აფრიკაში ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები დაბლოკა.  ამ ბიზნესმენს მედიაში მოიხსენიებენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „მზარეულსა“ და ტროლების ფაბრიკის დამფუძნებელს.

საპრეზიდენტო არჩევნები ცენტრალურ აფრიკაში 27 დეკემბერს გაიმართება. არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი მხარს უჭერს მოქმედ პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროს ევგენი პრიგოჟინის კომპანიამ აფრიკაში რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა, მათ შორის ალმასის მოპოვებაზეც. თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საფრანგეთი კი, როგორც ჩანს, მზად არის, რომ ამ რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად რუსეთს დაუპირისპირედეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend