მთავარი კულტურა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ვირტუალურად მიმდინარეობს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ვირტუალურად მიმდინარეობს

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

უკვე ათ თვეზე მეტია, პანდემიის გამო თეატრის კარი მაყურებლისთვის დახურულია. შესაბამისად, ვერც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც 2009 წლიდან როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სპექტაკლებს მასპინძლობს. მაყურებლის გასახალისებლად ფესტივალის გუნდმა გადაწყვიტა, ძველი სპექტაკლები ონლაინრეჟიმში ეჩვენებინა.

„პირველ რიგში, კულტურული ღონისძიებების ჩატარება შეაჩერეს, თითქოს ეს იყოს ადამიანის სიცოცხლისათვის ყველაზე სახიფათო. მართალია,  ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია დედამიწაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების ხარისხიც. კულტურის გარეშე კი ეს ხარისხი არ არსებობს“, – ამბობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი.

ფესტივალი წელს ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. წლევანდელ პროგრამაში ის საერთაშორისო სპექტაკლებია შესული, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გასულ წლებში ნახა მაყურებელმა.  ქართული სპექტაკლების პრემიერები კი წინა სეზონზე, პანდემიამდე, შედგა.

როგორც ეკა მაზმიშვილი ამბობს, ფესტივალის გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. იყო ბევრი სირთულე, რადგან ვირტუალური ფესტივალი პირველად მოეწყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ დისტანციურად მოუხდათ მუშაობა.

პაატა ციკოლია ფესტივალში მონაწილე ერთ-ერთი რეჟისორია. მისი სპექტაკლის „მედეა S01E06“ პრემიერა ღია ცის ქვეშ შედგა და იქვე გადაიღეს.
მათ უკვე მზად ჰქონდათ სპექტაკლის ონლაინვერსია.

„მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ფესტივალის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურებელს აქვს საშუალება, უფასოდ და დისტანციურად ნახოს წარმოდგენები, რის შედეგადაც შეიძლება ფესტივალს უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს. მართალია, ეკრანზე სპექტაკლის ყურებით მაყურებელი იმავე შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას ვერ იღებს, თუმცა ამბის მოყოლა მაინც შესაძლებელია. სასცენო ხელოვნებასა და დრამატულ ხელოვნებას აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს ციფრული“, – ამბობს რეჟისორი პაატა ციკოლია.

სპექტაკლების ნახვა მაყურებელს ფესტივალის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ ფეისბუკზე შეუძლია. სპექტაკლებს ქართული სუბტიტრებიც ახლავს. თითო სპექტაკლის ნახვა 24 საათის განმავლობაში უფასოდაა შესაძლებელი.

 

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში