მთავარი მსოფლიო სერგეი ლავროვს ბოსნია და ჰერცოგოვინაში ბოიკოტი გამოუცხადეს

სერგეი ლავროვს ბოსნია და ჰერცოგოვინაში ბოიკოტი გამოუცხადეს

ბოსნიაში ოფიციალურ ვიზიტზე ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  ბოსნიისა და ხორვატიის პრეზიდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი ლავროვის განცხადება გახდა. ლავროვმა განაცხადა, რომ ბოსნია არასოდეს გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ბოიკოტის გამო, ლავროვი მხოლოდ ბოსნიის სერბ პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა. დოდიკი სეპარატისტული რიტორიკით გამოირჩევა და ბოსნიაში მდებარე სერბთა რესპუბლიკის სერბეთთან შეერთებას ითხოვს.

ბოსნია და ჰერცოგოვინას სამი პრეზიდენტიდან ორმა – ხორვატმა და ბოსნიელმა მუსლიმმა პრეზიდენტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს ბოიკოტი გამოუცხადეს. ვიზიტის ფარგლებში ლავროვი სამივე პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მას მხოლოდ სერბი ლიდერი – მილორად დოდიკი დახვდა. დოდიკი რუსეთის მოკავშირედ ითვლება. იგი ითხოვს, რომ ბოსნიელი სერბები გამოეყონ  ბოსნიას და სერბეთს შეუერთდნენ. ბოსნიის ხორვატი პრეზიდენტი ზელკო კომსიჩის მოსაზრებით, ლავროვმა უპატივცემულობა გამოხატა ბოსნიის სახელმწიფოს მიმართ, როცა განაცხადა, ბოსნია არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

 

„რუსეთის ფედერაცია დიდი და ძლიერი სახელმწიფოა და ჩვენ მას პატივს ვცემთ. მაგრამ ჩვენ  არ გვინდა, ნატოს წინააღმდეგ მათ თამაშში პაიკი ვიყოთ. მათ ეს უნდა გაიგონ“,განაცხადა ბოსნიის ხორვატმა პრეზიდენტმა ზელკო კომსიჩმა.

 

ბოსნიელი და ხორვატი პრეზიდენტების განცხადებით, ლავროვს ვიზიტი ქვეყნის დედაქალაქიდან – სარაევოდან უნდა დაეწყო და არა ბოსნიაში მდებარე სერბთა რესპუბლიკიდან, სადაც იგი დოდიკს შეხვდა.

 

მანამდე კი ლავროვი ბელგრადში იმყოფებოდა. სერბ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად მან პირველი მსოფლიო ომის მემორიალი მოინახულა.

 

ლავროვის ვიზიტი დაემთხვა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების 25-ე წლისთავს, რომლის ხელმოწერის შედეგად ბოსნიის 4-წლიანი ომი დასრულდა. სისხლიანი ომის შემდეგ ბოსნიას ორი ჯგუფი მართავს  – ბოსნიელი სერბები და მუსლიმებისა და ხორვატების ფედერაცია.

 

უახლესი

სხვა ამბები