მთავარი COVID-19 ბრძოლა სიცილისთვის - ექიმი ჯამბაზების მისია

ბრძოლა სიცილისთვის – ექიმი ჯამბაზების მისია

ავტორი: ნუკა კეკელია

არცთუ ისე იოლია, გააცინო პაციენტი, როდესაც ის კორონავირუსს ებრძვის. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ახლა კარგი იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჟამად ბევრ საავადმყოფოში ჯამბაზებს აღარ უშვებენ, თუმცა ბევრმა მათგანმა, მათ შორის დიდიერ ფონ დერ პენმა, გამოსავალი იპოვა და საქმიანობა დისტანციურად განაგრძო.

 

იგი კმაყოფილია, რომ საქმიანობის გაგარძელების საშუალება მიეცა, თუმცა ცოცხალი ურთიერთობის გარეშე, გარკვეულ დანასკლისს გრძნობს.

 

„როდესაც ბავშვს პატარა ეკრანზე ხედავ, სრულყოფილად ვერ აღიქვამ იმ გარემოს, რომელშიც ის იმყოფება.  ეს კი მუშაობაში ხელს გიშლის. კარგი იქნება, თუ კვლავ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ პატარები პირადად ვინახულოთ“,-განმარტავს დიდიერი.

 

ევროპის მასშტაბით, ექიმი ჯამბაზების დაახლოებით 40 ორგანიზაცია არსებობს.

მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ორგანიზაციებში დასაქმებულმა ხელოვანებმა შეზღუდვების პირობებში მუშაობის რამდენიმე ახალი ხერხი შეიმუშავეს. ზოგიერთმა ონლაინსაქმიანობას მიჰყო ხელი, ზოგმა კი წარმოდგენა ოთახებიდან ეზოებსა და აივნებზე გადაიტანა. რამდენიმე მათგანმა სპეციალური ამწე ლიფტიც კი გამოიყენა, რომ მაღალსართულზე მყოფი პაციენტებისთვის მხიარული განწყობა შეექმნა.

ექიმმა ჯამბაზებმა საქმიანობის გაგრძელება შეძლეს, თუმცა დაფინანსების მხრივ პრობლემები შეექმნათ.

სილვია დე ფაბერი ორგანიზაცია „წითელცხვირა ექიმ ჯამბაზებს“ წარმოადგენს.

იგი ამბობს, რომ მსგავსი ორგანიზაციების შემოსავალმა იკლო.

„ექიმი ჯამბაზების ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი ექნებთ. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ყველა ხვდება, რომ პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა პოზიტიური განწყობა“,-განმარტავს სილვია.

ჯამბაზი ექიმები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ისინი სამუშაოს დაწყებამდე ფსიქოლოგებთან, ექიმებთან და გამოცდილი კოლეგებთან სწავლების კურსს გადიან.

ამასთან, მათთვის სამსახურის დაწყება არცთუ ისე იოლია. სანამ პაციენტებამდე მივლენ, ჯამბაზი ექიმების კვალიფიკაცია ექიმი ჯამბაზების ევროპის ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს.

დიდიერი  კი სანამ საავადმყოფოში დაბრუნდება, წარმოდგენის გამართვას დისტანციურად აგრძელებს. მას ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია – პანდემიისას პაციენტები უნდა გააცინოს.

უახლესი

სხვა ამბები