მთავარი კულტურა თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს

თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ონლაინრეჟიმში სამ ნაწილად იმართება. უკვე გამოვლინდა ფესტივალის პირველი ნაწილის გამარჯვებული. ე.წ. “ფიჩინგფორუმის” პირველ ადგილზე ქეთი მაჭავარიანისა და ნატო სიხარულიძის პროექტი “ია” გავიდა.

 

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო, 20 დეკემბრის ჩათვლით  გაიმართება. ფესტივალი, რომელიც პანდემიის გამო წელს ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენება.

 

ტრადიციულად დეკემბრის დასაწყისში კინოთეატრი „ამირანი“ მაყურებლითაა სავსე, მაგრამ წელს განსხვავებული სურათია.

 

შეზღუდვების მიუხედავად, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით Georgian-Baltic Bridge, მაინც მონაწილეობს. ე.წ. „ფიჩინგფორუმზე“ მან დისტანციურად წარადგინა პროექტი „ია“, რომელიც 3 დეკემბერს გამარჯვებულად დასახელდა. რეჟისორის განცახდები, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო.

 

„ტუტორები თითოეულ მონაწილესთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ. დისტანციურად  გვქონდა ნახევარსაათიანი შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ ტუტორები ძალიან კარგად იცნობდნენ ჩვენს პროექტებს,“ – ამბობს ქეთი მაჭავარიანი.

 

გამარჯვებული პროექტი „ია“, რომელსაც ჯილდოდ 1500  ევრო გადასცეს, ქართველ ემიგრანტ ქალებზეა. ფილმის პროდიუსერი ნატო სიხარულიძეა, სცენარის ავტორი კი – ნესტან კვინიკაძე. მეორე ადგილი რეჟისორ იევა მაგისა და პროდიუსერ კრისტოფერ პირის პროექტმა „მაქციამ“ დაიკავა. მესამე ადგილი და 700 ევრო კი გადასცეს რეჟისორ გიორგი მუხაძისა და პროდუსერ ნატო სიხარულიძის პროექტს –   „როცა 17 წლის ხარ“.

 

გამარჯვებული ქეთი მაჭავარიანის აზრით, ონლაინშეხვედრა ცოცხალ ურთიერთობას ვერ ანაცვლებს, რადგან ადამიანთან უშუალო კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ზუმის პატარა ფანჯრებში ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება ძალიან რთულია, თან როდესაც ერთი გუნდის წევრები სახლებიდან ვერთვებით. თუმცა ეს ერთგვარი გამოსავალია,“ – განაცხადა რეჟისორმა „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

წელს საერთაშორისო „ფიჩინგფორუმი“ 30 ნოემბერს ონლაინფორმატში დაიწყო და 2 დეკემბრამდე გაგრძელდა. ფორუმი, რომელშიც სამი ქვეყნიდან 10 პროექტი იყო წარმოდგენილი,  კინოფესტივალის მხოლოდ ერთი ნაწილია. ფესტივალზე ცნობილი რეჟისორები საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. კინოფესტივალის დირექტორს, ნინო ანჯაფარიძეს, მიაჩნია, რომ ასეთი სახის მასტერკლასები ქართველი რეჟისორებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„შექმნილი ვითარების გამო, დღეს ძალიან ბევრი რეჟისორი ვერ იღებს ფილმს, მაგრამ მათ აქვთ პროექტები. ქართველ რეჟისორებს საშუალება მივეცით, რომ თავი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდრონ. აი, ეს ვორქშოფები, დისკუსიები თუ კონსულტაციები კარიერული წინსვლისთვის ერთგვარი გზამკვლევია,“ – ამბობს ნინო ანჯაფარიძე.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გიორგი ჩხეიძეს, გული წყდება, რომ ფესტივალი ონლაინრეჟიმში იმართება და მონაწილეებს ერთმანეთტან უშუალო კომუნიკაციის საშუალება არა აქვთ. ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საერთაშორისო ფორუმი იყო, სადაც  მსოფლიოს სხვადსახვა კუთხიდან ჩამოსული კინემატოგრაფები იყრიდნენ თავს.

 

„მხოლოდ  საქართველოდან კი არ იყვნენ მსურველები, ფესტივალზე უამრავი მოწვეული სტუმარი ჩამოდიოდა და მონაწილეობდა. ფესტივალი გაცვლა-გამოცვლისა და  ურთიერთობის ადგილი იყო. წელს, სამწუხაროდ, დაკარგა ეს ხიბლი ფესტივალმა. ჩვენ ონლაინრეჟიმის საშუალებით ამის ნაწილობრივ კომპენსაციას ვაკეთებთ,“ – ამბობს გაგა ჩხეიძე.

ფესტივალის მესამე ნაწილი – კინოჩვენება –  ონლაინრეჟიმში გაიმართება. მაყურებელს 20 სრულმეტრაჟიანი ფილმის ნახვა უფასოდ შეეძლება ონლაინპლატფორმაზე, სახელწოდებით FESTIVAL SCOPE. 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები:

 

  1. A Fish Swimming Upside Down / „თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს“ (რეჟ: ელიზა პეტკოვა); 
    2. Another Round / „თრობა“ (რეჟ: თომას ვინტერბერგი); 
    3. Apples / „ვაშლები“ (რეჟ: ხრისტოს ნიკუ); 
    4. Bad Tales / „ცუდი ზღაპრები“ (რეჟ: ფაბიო და დამიანო ინოჩენცო); 
    5. Charlatan / „შარლატანი“ (რეჟ: აგნიეშკა ჰოლანდი); 
    6. Conference / „კონფერენცია“ (რეჟ: ივან ტვერდოვსკი); 
    7. Delete History / „ისტორიის წაშლა“ (რეჟ: ბენუა დელეპინი, გიუსტავ კერვერნი); 
    8. Father / „მამა“ (რეჟ: სრდან გოლუბოვიჩი); 
    9. I Am Greta / „მე გრეტა ვარ“ (რეჟ: ნათან გროსმანი);
    10. Into Dad’s Woods / „მამაჩემის ტყე“ (რეჟ: ვერო კრატცბორნი); 
    11. Laila in Haifa / „ლაილა ჰაიფაში“ (რეჟ: ამოს გიტაი); 
    12. Memory House / „მოგონებების სახლი“ (რეჟ: ჟოაუ პაულუ მირანდა მარია); 
    13. Model Olimpia / მოდელი ოლიმპია (რეჟ: ფრედერიკ ჰამბალეკი); 
    14. Never Gonna Snow Again / „აღარასდროს მოთოვს“ (რეჟ: მარგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი); 
    15. Siberia / „ციმბირი“ (რეჟ: აბელ ფერარა); 
    16. Sisters Apart / „ცეცხლში“ (რეჟ: დაფნე ხარიზანი); 
    17. Summer of ’85 / „1985-ის ზაფხული“ (რეჟ: ფრანსუა ოზონი); 
    18. The Roads Not Taken / „უვალი გზები“ (რეჟ: სალი პოტერი); 
    19. The Woman Who Ran / „ქალი, რომელიც გაიქცა“ (რეჟ: სანსუ ჰონი); 
    20. Undine / „უნდინე“ (რეჟ: ქრისტიან პეცოლდი).

 

უახლესი

სხვა ამბები