მთავარიმსოფლიოამერიკის რამდენიმე შტატში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს

ამერიკის რამდენიმე შტატში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები რომ გამოაქვეყნონ, რამდენიმე შტატში ხმების დათვლას ელოდებიან.

მიჩიგანი უკანასკნელი შტატი იყო, სადაც კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შტატში ბაიდენმა გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 270 ქულის ნიშნულს კიდევ 16 ქულით მიუახლოვდა.

ბაიდენი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

„აშკარაა, რომ გვაქვს ხმათა საკმარისი რაოდენობა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში. ჩვენ მივიღებთ 270 ხმას პრეზიდენტობის მოსაპოვებლად. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი გამარჯვების შესახებ გაუწყოთ. მე აქ ვარ იმისათვის, რომ გითხრათ, როდესაც ხმათა დათვლის პროცესი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული ვიქნები.“ – ამბობს ჯო ბაიდენი.

ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შტატ ტეხასში ტრამპმა დამატებით 38 ქულა მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და დემოკრატიულ პარტიას თაღლითობაში ადანაშაულებს.

„ეს არის ჩვენი ერის წინაშე უდიდესი თაღლითობა. გვინდა, რომ კანონით დაისაჯონ! ამიტომაც ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ! მოვითხოვთ, რომ ხმის მიცემის პროცესი შეწყდეს. საერთოდ არ გვინდა, რომ მათ ახალი ბიულეტენები იპოვონ დილის 4 საათზე და ისინიც მიათვალონ საარჩევნო ხმებს!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამ არჩევნებში ნაადრევი კენჭისყრის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. 100 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა. სწორედ ამ მიზეზით მოითხოვს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებში ხმები ხელახლა დაითვალონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend