მთავარიბიზნესითიხის თერაპია

თიხის თერაპია

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

თიხაზე მუშაობა თერაპიისა და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გააზრების კარგი საშუალებაა. ამის მაგალიატია სოციალურ საწარმო „პოტერია“, რომელიც ქართული ტრადიციული კერამიკის წარმოებით ქალთა თემის გაძლიერებას ემსახურება.

“პოტერიაში” დასაქმებული ხელოსანი ქალი, მძიმედ გასახსნებელი წარსულის გამო, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა სიამოვნებით საუბრობს, როგორ დაეხმარა თიხაზე მუშაობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.

„თიხაზე მუშაობა მაშინ დავიწყე, როცა ნორმალურად მეტყველებაც კი არ შემეძლო. ცხოვრებაში ხდება ხოლმე მოულოდნელი სიტუაციები; ჩემ შემთხვევაშიც ისეთი რამ მოხდა, რომ თითქმის აღარ შემეძლო მეტყველება. ჩემთვის თერაპია იყო საჭირო, სწორედ თიხაზე მუშაობა დამეხმარა  და გამოვჯანმრთელდი. მე ისევ შემიძლია ლაპარაკი.“

ეს ქალი თიხაზე უკვე ორი წელია მუშაობს და თავს კარგად გრძნობს. თიხა მისთვის მხოლოდ სამუშაო მასალა არ არის, თიხამ საკუთარი თავი აპოვნინა. საწარმოში მუშაობა კი მისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

სოციალური საწარმოს „პოტერიას“ მთავარი მიზანი, ქართული ტრადიციული კერამიკის წარმოებასთან ერთად, ქალთა თემის გაძლიერებაა. აქ მხოლოდ ქალები მუშაობენ. ბევრ მათგანს სხვადასხვა პრობლემა აქვს. მათ შორის ერთ-ერთია საზოგადოებასთან რეინტეგრაცია.

საწარმოს თანადამფუძნებლის, ნათია ნოზაძის განმარტებით, “პოტერიას” მიზანია, რომ ქალებს არტთერაპიის შესაძლებლობები გააცნოს და თან შემოსავლის წყარო გაუჩინოს. საწარმოში ყველა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ქალები მუშაობენ, მათ შორის სტუდენტები და კანონის დამრღვევებიც გვხვდებიან. ნათია ნოზაძე თვლის, რომ  ქალების თემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას, ამიტომ ის და „პოტერიას“ თანადამფუძნებლები ქალთა თემის გაძლიერებას ემსახურებიან. მათი საქმიანობის პრიორიტეტი მსჯავრდებულების დახმარებაა.

„ეს საწარმო განსაკუთრებით იმ ქალებისთვისაა, რომელთაც მძიმე ისტორია ჰქონდათ, ან სამსახურის პოვნა უჭირდათ. ეს თემა იმითაც არის საინტერესო, რომ თიხის ნაკეთობის წარმოება, გარდა იმისა, რომ ქართული ტრადიციის ნაწილია, ერთგვარი არტთერაპიაც არის,“ – განაცხადა ნათია ნოზაძემ.

„პოტერიამ“, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაფინანსება მოიპოვა.
სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორმა, ეკა დათუაშვილმა, „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრისას განმარტა, რომ ორგანიზაცია ოთხ მიმართულებას აფინანსებს.

„სოციალურმა მეწარმეებმა საქმიანობა რომ შეძლონ, ჩვენ მათ იდეებს ვაფინანსებთ. ფინანსურ დახმარებას ვუწევთ უკვე არსებულ სოციალურ საწარმოებს, რათა გააფართოონ და გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა. საწარმოებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგებსა და კონსულტაციებს. გარდა ამისა, ვზრუნავთ თვითონ კონცეფციის პოპულარიზაციაზე,“ – განაცხადა ეკა დათუაშვილმა.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა საქართველოში ორმოცდახუთზე მეტ სოციალურ საწარმოს აერთიანებს, რომლებიც სოციალური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend