მთავარიdraft geoBAFTA-ზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კრისტოფერ ნოლანის ფილმმა “ოპენჰაიმერმა“ გაიმარჯვა

BAFTA-ზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კრისტოფერ ნოლანის ფილმმა “ოპენჰაიმერმა“ გაიმარჯვა

ლონდონში, ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2023 წლის საუკეთესო ფილმები გამოავლინეს. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად კრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰაიმერი“ დასახელდა.

13 სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა 7 კატეგორიაში გაიმარჯვა. მათ შორის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გამარჯვება სწორედ ფილმის რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა მოიპოვა. ფილმი ატომური ბომბის დამზადებასა და მის შემქმნელზე რობერტ ოპენჰაიმერზე მოგვითხრობს.

„უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი პატივია, სამშობლოში დავბრუნდე და ბაფტა იმ დარბაზში მივიღო, სადაც ჩემს მშობლებს ძალით დავყავდი, რომ კულტურული გამოცდილება მიმეღო. ალბათ ამან თავისი კვალი დატოვა,“ – ამბობს ფილმ „ოპენჰაიმერის“ რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი.

მამაკაცის როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვებულები ისევ „ოპენჰაიმერის“ მსახიობები გახდნენ. მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდო ირლანდიელ მსახიობს კილიან მერფის ერგო, მეორეხარისხოვანი როლისთვის კი რობერტ დაუნი ჯუნიორს.

ფილმში „საბრალო არსებები“ საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული ემა სტოინი გახდა, ფილმ „მფლობელებში“ კი მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზი ამერიკელ მსახიობს დავაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა.

საუკეთესო მხატვრულ ფილმთან ერთად ბაფტას 77-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმებიც იყო წარდგენილი.

ამ კატეგორიაში გამარჯვება უკრაინულმა ფილმმა „ოცი დღე მაირუპოლში“ მოიპოვა. რეჟისორმა მსტისლავ ჩერნოვმა ფილმში  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე  ასახა. თავად რეჟისორი, ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო ალყაში მოქცეულ ქალაქში დაბომბვების ფონზე, როგორც ჟურნალისტები, 20 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

„მარიუპოლის ისტორია არის სიმბოლო ყველაფრისა, რაც უკრაინაში ხდება. ის არის ბრძოლის, რწმენის სიმბოლო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სათქმელი სწორად გაიგეთ და მას მეტი ძალაც შესძინეთ,“ – ამბობს ფილმის რეჟისორი, მსტისლავ ჩერნოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend