მთავარისაქართველოკრემაცია - არჩევანის თავისუფლება სიკვდილის შემდგომ

კრემაცია – არჩევანის თავისუფლება სიკვდილის შემდგომ

საქართველოში, პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა კრემატორიუმის მოწყობის იდეა. მთავარი მიზანი თბილისში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების დაზოგვა იყო. მუხათგვერდის სასაფლაოზე  ამისთვის,  არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის პროექტის მიხედვით სპეციალური ნაგებობაც ააშენეს, თუმცა ეს იდეა მალევე  მიივიწყეს  და კრემატორიუმი  იქ არასოდეს ამოქმედებულა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში,  კრემაციის მეთოდი აქტიურად გამოიყენება და კრემატორიუმებიც ფუნქციონირებს. საქართველოში კრემაციის მსურველები არიან, ამ სურვილს ისინი  სიცოცხლეში  გამოთქვამენ,  მაგრამ  იმის გამო, რომ ქვეყანაში კრემატორიუმი არ არის,  ეს სურვილი სურვილადვე რჩება.


ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ფიქრობს, რომ საქართველოში კრემატორიუმი უნდა არსებობდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი ადამიანი ფიქრობს კრემაციაზე.

“ქვეყანაში ამის საშუალება უნდა არსებობდეს.  მე მახსოვს, რომ იყო გარკვეული  შემთხვევა საქართველოში რამდენიმე წლის წინ, როცა ადამიანმა ეს ისურვა და მოუხდათ მისი ნეშტის კიევში გადასვენება და იქ კრემაცია. თუნდაც, წმინდა ეკონომიის თვალსაზრისით რომ შეხვედოთ – ჩვენ ვხედავთ,  რომ თბილისი  გადატენილია სასაფლაოებით  და ეს ხელს შეუწყობდა გარკვეულწილად განტვირთვას და იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი სამომავლოდ” – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

დღეისთვის სასაფლაოებს თბილისის ტერიტორიის ორ პროცენტამდე უკავია და ეს წილი წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად,  საბურთალოს სასაფლაოს ფართობი ბოლო 20 წლის განმავლობაში 10 ჰექტრით გაიზარდა. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიების ათვისება სხვა მიზნებისთვის   შეიძლებოდა.

“სასაფალაოები, ძალიან დიდ ტერიტორიებს იკავებს რომელთა უკეთ გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა. ახლა ეს ცოტა ტექნოკრატიულად ჟღერს, რადგან საკითხი ასე უნდა გადაწყდეს- ვის სჭირდება კრემატორიუმი? ის   გაცილებით დიდ ადგილს დაზოგავდა,  ამის გამოცდილებაც  გვაქვს, მაგრამ რამდენ ადამიანს სჭირდება?.. რამდენი იქნება თანახმა, რომ დაიწვას? მე თანახმა ვარ! მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, როდესაც ქალაქზეა ლაპარაკი” – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

საქართველოში მცხოვრები ინდუიზმის მიმდევრების ნაწილი   ვედური კულტურის ცენტრში  ლოცულობს. ისინი ფიქრობენ, რომ გარდაცვალების შემდეგ სხეული რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაქრეს, რათა სულმა რეინკარნაცია შეძლოს. ამიტომ,   სხვადახვა ქვეყანაში ამ რელიგიის მიმდევრები გარდაცვალების შემდგომ კრემაციის მეთოდს ემხრობიან.

მწერალი ალეკო შუღლაძე  ვაიშნავიზმის მიმდევარია. ის ამბობს,  რომ ქვეყანაში  კრემაციის არარსებობა   გარკვეულ პრობლემებს აჩენს.

“რეინკარნაციის პრინციპის დროს აუცილებელია, რომ სხეული დაიწვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არ არის დაწესებულება, სადაც სხეული შეიძლება ცეცხლს მიაბარონ. ეს წვალებაა… ხშირად იყო შემთხვევები, მაგალითად მოსკოვში გადააფრენდნენ, უკრაინაში გადააფრენდნენ… ერთს ანდერძიც კი ჰქონდა დაწერილი, რომ აქ მიებარებინათ, მაგრამ ვერ  მოხერხდა და მთელი რიგი პრობლემები შეიქმნა” – ამბობს მწერალი ალეკო შუღლაძე.

თბილისის მერიის ცნობით,  ამ ეტაპზე ქალაქში კრემატორიუმის მოწყობა არ განიხილება, რადგან საქალაქო სასაფლაოების რესურსი საკმარისია.  თუმცა, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა,  დაიწყება დისკუსია, სადაც  მართლმადიდებლური ეკლესიაც ჩაერთვება.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend