2023 წლის 8 ივლისს უნდა ჩატარებულიყო ფესტივალი, სადაც ძირითადად ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ყველაფერი მზად იყო, ყველაფერი დაგეგმილი და შეთანხმებული, მაგრამ ღონისძიება ჩაიშალა. პოლიციამ იქ მისული მოძალადე ჯგუფები ვერ შეაკავა. ისინი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ფესტივალისთვის გამოყოფილ სივრცეში შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. დააზიანეს ან სრულად გაანადგურეს ღონისძიებისთვის განკუთვნილი ინვენტარი. იქ მყოფმა სამართალდამცველებმა მათ ხელი ვერ შეუშალეს. ამ დღეს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიციამ ეს ძალადობა ვერ აღკვეთა. ღონისძიების ორგანიზატორებს ტერიტორიის იძულებით დატოვება მოუწიათ.
„ის, რომ თავისუფლად გამოხატავდე თავს, გადიოდე ქუჩაში, აწყობდე საპროტესტო აქციებს, ან უბრალოდ იკრიბებოდე რაღაც მიზნისთვის, ეს არის ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება და უფლება. მათ, ვისაც ეს უფლება გვაქვს წართმეული, გვიჩნდება უდიდესი უსამართლობის განცდა. ვგრძნობთ დისკრიმინაციას, გარიყულობას. სახელმწიფო და საზოგადოება გვეუბნება, რომ თქვენ მეორეხარისხოვანი ხართ. ჩვენ თქვენი აზრი, თქვენი საჭიროებები არ გვაინტერესებს, და ეს იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას“, – ამბობს მარიამ კვარაცხელია, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი.
მარიამ კვარაცხელია ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ლგბტქ+ თემის უფლებებს ჯერ ისევ ვერ იცავს. მათ შორის, ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას – თანასწორობის უფლებას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია…
„სამწუხაროდ, 2023 წელს სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა უკან ლგბტ უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვნახეთ გააქტიურებული პოლიტიკური ჰომოფობია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ ანტილგბტ რიტორიკას. ამას მოჰყვა 8 ივლისის ფიზიკური ძალადობა, როდესაც ძალადობის ორგანიზატორი იყო რუსეთთან დაკავშირებულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფი „ალტ-ინფო“. ეს არის იგივე ჯგუფი, ვინც მასობრივი დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის 5 ივლისს. უამრავი საერთაშორისო ინსტიტუტის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი რჩებიან ხელშეუხებლები, ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს, ახალისებს და არ სჯის ცალსახა დამნაშავეებს“, – ეუბნება ევრონიუს ჯორჯიას მარიამი.
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 23 მარტს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ თანასწორობის უფლებას ეთმობა. სტრატეგიაში ცალ-ცალკეა საუბარი სხვადასხვა ჯგუფის უფლებების შესახებ. მაგალითად, ბავშვთა უფლებების, ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ხანდაზმულთა უფლებების შესახებ. თუმცა 76-გვერდიან დოკუმენტში არ იძებნება ლგბტქ+ თემი.
„ვერც ამ დოკუმენტში და ვერც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ეხება ლგბტქ+ თემის უფლებრივ მდგომარეობას. და რატომ არის ეს არსებითი – ეს არსებითია იმიტომ, რომ სახელმწიფომ უნდა დაინახოს, რა პრობლემების წინაშე დგას თემი, რა გამოწვევებია და როგორი გადაჭრის გზები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ“, – აცხადებს თამარ ონიანი, „საიას“ ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.
2023 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც ქვეყანას ბევრ ვალდებულებას აკისრებს, მათ შორის უმთავრესი ადამიანის უფლებების დაცვაა.
„2023 წლიდან სახელმწიფოს გარდა იმ საერთაშორისო ვალდებულებებისა, რაც მანამდე ჰქონდა, დაემატა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ეს მოიცავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მთელ რიგ მახასიათებლებს, რომლებსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა. ეს პროცესი სახელმწიფოს ვალდებულებებს უჩენს ევროკავშირის წინაშე“, – ამბობს თამარ ონიანი.
საქართველოში 2023 წელი არ იყო მარტივი ლგბტქ+ თემისთვის. მთელი წლის განმავლობაში მედიას ამ მხრივ არაერთი პრობლემის გაშუქება უწევდა, მაგრამ ეს მხოლოდ 2023 წელს არ ეხება. მანამდე იყო 2021 წლის 5 ივლისი. დღე, როდესაც სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები დედაქალაქის ცენტრში უმოწყალოდ გაუსწორდნენ „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს… პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო მოძალადე ჯგუფების შეჩერება. ამ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით კი ამ დრომდე არცერთი პირი არ დასჯილა.
„თუ წლების მიხედვით გადავხედავთ სხვადასხვა საქმეს, სხვადასხვა სიმწვავით დგება ხოლმე ეს პრობლემა. მაგალითად, წელს ეს ძალიან მწვავედ დადგა იმიტომ, რომ 8 ივლისს გახსოვთ რა მოვლენებიც იყო. შარშან ასე მწვავედ არ იდგა. მაგრამ 5 ივლისს კიდევ უფრო მწვავე პრობლემა გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებებზე, როგორ ახდენს ამ ღონისძიებების დაცვას და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. როგორც ვიცი, ყოველთვის თემთან არის ხოლმე აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა. ერთობლივად არის კოორდინირებული ღონისძიება ისე, რომ არ ჰქონდეს ადგილი ძალადობას და მათი შეკრების უფლება იყოს დაცული. სამწუხაროა, რომ ეს ხან ხდება შესაძლებელი და ხან ვერა“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ეს რომ ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს, ამას ქვეყანაში ბევრი კანონი ადგენს, უპირველესად კი საქართველოს უმაღლესი კანონი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“ – (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11).
ნანუკა მეშველაშვილი