2023 წელი ევროპაში კვლავ ომის წელი იყო.
უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის დასასრული ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანს.
ომის ქარცეცხლი დგას ახლო აღმოსავლეთშიც, წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ კონფლიქტები აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც.
ნებისმიერი ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის მსმენელამდე და მაყურებლამდე მიტანას კი წელს 94 ჟურნალისტი შეეწირა, 400 კი ციხეშია გამომწყვდეული.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, 2023 წელი რეგიონში სეპარატიზმის პირველად დამარცხების წლად შევა ისტორიაში.
საინტერესოა, ვნახოთ თუ როგორი დემოგრაფიული სურათით ხვდება მსოფლიო 2024 წელს:
მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვარს – 7, 943 მილიარდი ადამიანი;
მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის 1 იანვარს – 8, 119 მილიარდი ადამიანი;
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2023 წელს – 134 მილიონი ადამიანი;
გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2023 წელს – 60 მილიონი ადამიანი.
2023 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73 წელი იყო, ეს 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 8 თვით მეტია, 2023 წელს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 23 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, ეს კი 2022 წელთან შედარებით ნაკლებია, 2023 წელს 17 მილიონი ადამიანი გახდა ლტოლვილი ან დევნილი. საინტერესოა, ასევე რომ 2023 წელს ინდოეთმა ოფიციალურად გაუსწრო ჩინეთს როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანმა ერმა.
დემოგრაფია პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსთან, მოდით ვნახოთ, თუ რა ვითარება იყო 2023 წელს ამ თვალსაზრისით, დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, ხანძარი კუნძულ ჰავაიზე გახლდათ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი, რის შედეგადაც მიყენებული ზარალი 4-იდან 6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდეა. ხანძრის შედეგად განადგურდა 2000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ეს ხანძარი 2023 წლის აგვისტოში მძვინვარებდა.
რაც შეეხება მიწისძვრას მეზობელ თურქეთსა და სირიაში, ეს 2023 წელს ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი ბუნებრივი კატასტროფა იყო, დაღუპულია 60 ათასამდე ადამიანი, 100 ათასზე მეტი კი დაშავდა, ეკონომიკურმა ზარალმა კი 160 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ამ მიწისძვრის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, სამაშველო ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სამაშველო სამსახურიც.
და ბოლოს წყალდიდობა ლიბიაში, რომელიც კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი წყალდიდობაა, დაიღუპა 6 ათასზე მეტი ადამიანი, 8 ათასამდე ადამიანი კი დაკარგულია, მაგალითად, ქალაქი დერნას ერთი მეოთხედი სრულად განადგურდა. დაინგრა 10 ათასამდე საცხოვრებელი სახლი, 40 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა.
2024 წელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე დატვირთული იქნება, ამ მოცემულობის დასტურია დაგეგმილი და მომავალი არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაში, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.