მთავარიგადაცემებიExploreსატოიამა - როგორ ცხოვრობენ იაპონელები ჰარმონიულად ბუნებასთან

სატოიამა – როგორ ცხოვრობენ იაპონელები ჰარმონიულად ბუნებასთან

თუკი უჩვეულო, ბუნებასთან შეხმატკბილებული მოგზაურობა გსურთ, იაპონიის იმ ქალაქებს უნდა ეწვიოთ, რომლებშიც ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრების წესი მრავალი თაობის მიერ იხვეწებოდა.

მაინც როგორ უნდა იმოგზაურო ისე, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს და ჰარმონიულად იგრძნო თავი? „ევრონიუსის“ რეპორტიორი ანკა ულეა შეეცადა ეპოვა ამ კითხვაზე პასუხი იაპონიაში, სადაც ხალხი ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობს.

მოგზაურობა მდინარე ნაგარის აუზში დაიწყო, ცენტრალურ იაპონიაში, სადაც ცხოვრება მშვიდად მიედინება. იაპონიის ამ რეგიონში თაობები ცხოვრობენ სატოიამას  პრინციპით, რაც ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას ნიშნავს. მდინარე უქმნის ადამიანებს სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებსა და აძლევს სარჩოს, თავის მხრივ, ადამიანებიც ზრუნავენ მდინარეზე.

სატოიამას ერთ-ერთი გასაოცარი მაგალითია ქალაქ გიფუს  თევზაობის ტრადიცია. ყოველ სეზონზე თევზაობის მეთოდები თევზის სახეობა აიუს გამრავლების გზების მიხედვით იცვლება. შემოდგომაზე დაჭერილ აიუს ძირითადად მდინარის ზემო წელში მდებარე სანაშენეში გზავნიან, რათა მომავალი წლისთვის გამრავლდეს.

 „ასეთი თევზაობის იდეა ის არის, რომ დავიჭიროთ დედალ-მამალი აიუ ე.წ. სებარის მეთოდით და მერე შევაჯვაროთ. როდესაც აიუს იჭერ, მისი გემო სეზონის მიხედვით იცვლება და როდესაც ჭამ, ხვდები, რატომაც არის გემრიელი“, – ამბობს მეთევზე ჰატორი ოსამუ.

დარჩენილ თევზს ადგილობრივი რესტორნების მფლობელები ყიდულობენ ან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უზიარებენ.

მდინარე ნაგარა  ამ რეგიონისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. მისი კამკამა წყალი ბრინჯის მინდვრებსა და ბოსტნებს რწყავს, რისი წყალობითაც აქაურ მოსავალს განსაკუთრებული სურნელი აქვს.

სამკურნალო მცენარეების სიუხვის გამო ამ რეგიონში გაჩნდა იაკუზენი, ანუ სამკურნალო სამზარეულო.

შემდეგი გაჩერებაა  კინოსაკი ონსენი, რომელიც ქალაქ კიოტოდან ორსაათნახევრის სავალზეა. ეს შვიდი იდუმალი თერმული წყაროს ანუ  ონსენის ქალაქი ლეგენდებით არის მოცული. აქაურებს სჯერათ, რომ თერმული წყაროები ზეცის საჩუქარია და სამკურნალო ძალა აქვს. ქალაქი ამ თერმული წყაროების ირგვლივ გაშენდა იქ მოქმედი სასტუმროების უმეტესობა, რომლებსაც ძირითადად ადგილობრივები ფლობენ, ტრადიციული არქიტექტურითა და მდიდარი ისტორიით გამოირჩევა.

ადგილობრივი კულტურა რომ სრულად შეეგრძნო, ანკა საზაფხულო კიმონოში გამოეწყო და ისე ისეირნა ულამაზეს პეიზაჟებში თერმულ წყლებში აბაზანების მიღების დროს, დატკბა ბუნების სილამაზითა და სიმშვიდით.

ავტორი: ანკა ულეა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend