მთავარიგადაცემებისინემაფილმი „შემოდგომის ანატომია“ ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო 2023-ის ფავორიტია

ფილმი „შემოდგომის ანატომია“ ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო 2023-ის ფავორიტია

ბერლინში ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს წლევანდელ ცერემონიაზე ევროპული კინოს ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე  გაიარეს. მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, მაყურებელი ყველაზე მეტად მოიხიბლა ფრანგი რეჟისორის ჟიუსტინ ტრიეს ფილმით „შემოდგომის ანატომია“.

ევროპის კინემატოგრაფიული დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც გასულ წელს რეიკიავიკმა უმასპინძლა, წელს ისევ ბერლინში ჩატარდა. ეს ქალაქი ყოველ მეორე წელს მასპინძლობს ამ დაჯილდოებას.

ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო, რომელიც ევროპულმა კინოაკადემიამ გერმანიის დედაქალაქში 1988 წელს  ბერლინის კედლის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე დააფუძნა, ევროპული კინოსა და მის მრავალფეროვნებას ასახავს.

2023 წელს, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ყველას ყურადღება ერთბაშად მიიპყრო ფრანგი რეჟისორის ჟიუსტინ ტრიეს ფილმმა „შემოდგომის ანატომია“, რომელსაც გადაეცა საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობისთვის დაწესებული ჯილდოები. ეს უკანასკნელი მსახიობმა სანდრა ჰიულერმა მოიპოვა.

ფილმი მოგვითხრობს მწერალი ქალის ამბავს, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სასამართლო პროცესზე სააშკარაოზე გამოდის მისი, როგორც ქალის ცხოვრება და თვითმყოფადობა.

„ჩემი აზრით, ის თავისუფლება, რომელიც ევროპაშია, უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, რადგან ის დიდებულია,“ – ამბობს  კინორეჟისორი ჟიუსტინ ტრიე. „აზრის გამოხატვის თავისუფლება, ანუ ზუსტად ის თქვა, რასაც ფიქრობ, საკმაოდ იშვიათად გხვდება. ამას ხვდები, როდესაც მსოფლიოში მოგზაურობ, ხვდები, რომ ეს ძალიან ძვირფასია.“

სანდრა ჰიულერმა ასევე ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ინტერესის ზონა“, რომელიც  ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის ოჯახის ცხოვრებას აჩვენებს  და თან წარმოგვიდგენს კაცობრიობის დანაშაულის მთელ საშინელებას ისე, რომ საერთოდ არ აჩვენებს ბანაკის კადრებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, წელს ჯილდო მაინც ვერ აიღო.

„ევრონიუსთან“ საუბარში გერმანელმა მსახიობმა ხოტბა შეასხა ევროპული კინოაკადემიის გუნდს.

„ეს არაჩვეულებრივი ცერემონიაა და მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვინც კულისებში შრომობს და ვინც ჩუმად აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს, მოგვცა ჩვენ  საშუალება, რომ აქ მოვიყაროთ თავი, შევხვდეთ ერთმანეთს და საინტერესო თემებზე ვისაუბროთ“, – განმარტავს სანდრა ჰიულერი.

დაჯილდოების ცერემონიაზე  იმ ფილმების საშუალებით, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის პრობლემებს ეხება, კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ყველაფერი, რაც  ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი. პოლონელი რეჟისორის აგნეშკა ჰოლანდის ფილმი „მწვანე საზღვარი“ რეალისტურად ასახავს ბელარუსსა და პოლონეთს შორის გაჩხერილი მიგრანტების გასაჭირს. ამ ფილმმა კონსერვატორებისა და პოლონელი უკიდურესი მემარჯვენეების კრიტიკა გამოიწვია.

„არის  ფილმები, რომლებიც უშიშრად აშუქებს სხვადასხვა თემას,“ – ამბობს კინორეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი. „შეიძლება ის პირდაპირ პოლიტიკას არ ეხება, მაგრამ ჩვენს რეალობაში რასაც არ უნდა შეეხო, გარკვეულწილად, მაინც პოლიტიკასთან აქვს კავშირი.“

ფილმში „მე, კაპიტანი“ იტალიელი კინორეჟისორი მატეო გარონე ცდილობს, ცხოვრება იმ ორი აფრიკელი ახალგაზრდის თვალით დაგვანახოს, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.

„ამ ფილმში ვცდილობთ ისე გადმოვცეთ ამბავი, რომ მაყურებელმა შეიგრძნოს მისი სიმძაფრე, თანაგრძნობით აივსოს მისი გმირების მიმართ და რეალურად განიცადოს მათი თავგადასავალი“, – გვიხსნის  მატეო გარონე.

და ბოლოს, დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო  ფილმი „ფოთოლცვენა“. ეს არის უაღრესად პოეტური სიყვარულის ამბავი, რომელიც  ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა ფინელმა კინორეჟისორმა აკი კაურისმიაკიმ გადაიღო.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend