მთავარიევროპასერბეთიპრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, ალექსანდრ ვუჩიჩის ხელმძღვანელობით, გამარჯვებას ზეიმობს. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი ვუჩიჩის გამარჯვებას არ აღიარებენ და საარჩევნო პროცესში დარღვევებზე მიუთითებენ.

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ხმების ნახევრის დათვლის შედეგად სერბეთის პროგრესული პარტიის პროგნოზმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია ხმათა 47 პროცენტს მოიპოვებს და 250 წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 130 ადგილს დაიკავებს.

ხმათა 23% მიიღო მთავარმა ოპოზიციურმა კოალიციამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“.

„ჩვენი სია 127 მანდატს აუცილებლად მიიღებს, შეიძლება 128, 129 ან 130 იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი გუნდი პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა“, -ამბობს ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.

საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მთავარი ოპონენტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პროგრესული პარტია და ცენტრისტული კოალიცია იყვნენ.

„საარჩევნო პროცესში უპრეცედენტო დარღვევების მომსწრენი გავხდით. რაც ხდებოდა საარჩევნო კამპანიისას და მანამდეც, ზეწოლა, მოსყიდვა, სხვა დარღვევები, არჩევნების დღეს კიდევ უფრო გახშირდა. ხალხი ჩამოიყვანეს ავტობუსებით, მინივენებით, მანქანებით. ვითომ ბელგრადის მაცხოვრებლები იყვნენ და ხმას აძლევდნენ, ბევრი მათგანი ბელგრადში პირველად იმყოფებოდა. ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს და ყველაფერს წარვადგენთ. რაც მოხდა, შეუძლებელია ეს მიიღო და ამას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები უწოდო”, – ამბობს მიროსლავ ალეკსიჩი, სერბეთის ოპოზიციის ლიდერი.

ვარაუდობდნენ, რომ ოპოზიციური კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ბელგრადის საკრებულოში მნიშვნელოვან წინაღობას შექმნიდა. ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიციის გამარჯვება დედაქალაქში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ვუჩიჩის ძალაუფლებას.

თავად ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი პარტია დედაქალაქშიც ლიდერობს. თუმცა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებები გადაწყვეტს იმას, თუ ვინ მართავს ბელგრადს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend