2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ირლანდიაში 100 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. მათ განთავსებასა და თავშესაფრებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები წარმოიშვა. ეს საკითხი იმდროინდელმა მთავრობის წარმომადგენლებმა უგულებელყვეს.
ირლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიჰოლ მარტინის თქმით, ირლანდიის მთელი მოსახლეობა ჩართულია და მუშაობს უკრაინის საზოგადოებასთან ერთად, რათა მათ ჩამოსვლისას თავი კომფორტულად იგრძნონ.
თუმცა ირლანდიის მთავრობა ყოველკვირეულ დახმარებას ახლა კვირაში 220 ევროდან 39 ევრომდე შეამცირებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბუნებრივია, ადამიანები თავს შეიკავებენ ირლანდიაში ჩასვლისგან.
კორესპონდენტი კრეიგ ჰიუზი ამბობს, რომ ირლანდიამ ამ დროისთვის 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, მათგან 75 000 სახელმწიფომ თავშესაფრით უზრუნველყო. სისტემა უკვე გადატვირთულია, ამიტომ მთავრობა ვეღარ შეძლებს ამ ადამიანებისთვის იმავე სახისა და მოცულობის დახმარების გაწევას.
შეშფოთების ნამდვილი მიზეზი უკრაინელი ლტოლვილების დიდი რაოდენობაა. ისინი თავშესაფარს ევროკავშირში იღებენ და შემდეგ ირლანდიაში გადადიან, სადაც უფრო მეტ დახმარებას იღებენ და თავშესაფრის მიღების მხრივაც უკეთეს პირობებია. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო ლტოლვილებს თავშესაფრით მხოლოდ 90 დღით უზრუნველყოფს, შემდეგ კი თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე.
მთავრობას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით პრობლემა, მოგვარების ნაცვლად, უფრო გართულდება.
ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ირლანდიის რეგიონული დირექტორი დეირდრე გარვი ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისი აზრით, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ქალები და ბავშვები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ. მათ არც მუშაობა შეუძლიათ, რადგან არ იციან ენა ან ბავშვი ჰყავთ მოსავლელი. მისი თქმით, ისინი ვერ მოძებნიან საცხოვრებელს ირლანდიის ბაზარზე, რომელიც ისედაც გადატვირთულია.
ირლანდია ყოველთვის იყო მიმზიდველი ადგილი საერთაშორისო თავშესაფრის მაძიებლებისთვის. თუმცა ახლა ასე აღარ იქნება. მომავალი თვიდან უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებს, სავარაუდოდ, სხვაგან მოუწევთ წასვლა.