ინკას ცივილიზაციამდელი ხუთი მუმია არქეოლოგიური პროექტის “Huaca La Florida”-ს გათხრების ფარგლებში პერუში, დედაქალაქ ლიმას ერთ-ერთ რაიონში აღმოაჩინეს.
მჭიდრო დასახლებაში დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის Sporting Cristal-ის სავარჯიშო სტადიონთან მიმდინარეობს. აღმოჩენილი მუმიების საფლავები შემაღლებულ გორაკზე აღმოაჩინეს და როგორც არქეოლოგთა გუნდის ხელმძღვანელი ლუის ტაკუდა ამბობს, მათი ასაკი დაახლოებით 1000 წლისაა.
„მუმიის დამუშავებისა და მუმიფიცირებული ადამიანის დაკრძალვის სრულიად განსხვავებული მიდგომა აღმოვაჩინეთ ამ მუმიების სახით. მათი ბალზამირების საშუალებები, შეხვევისას გამოყენებული ტექნოლოგია და მასალა განსხვავდება პერუში სხვა დროს ნაპოვნი ნაშთებისგან. მალე ალბათ, მიმდებარე ტერიტორიების გათხრასაც დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ ეს დასახლება მხოლოდ ამ 5 მუმიით არ შემოიფარგლება“,- აცხადებს არქეოლოგი.
არქეოლოგების განცხადებით, მუმიების სხეული ვაზითაა დაფარული.
4 არასრულწლოვანის და ერთი მოზარდის მუმია მეცნიერების განცხადებით, ინკების პერიოდამდე მცხოვრები ხალხის საზოგადოებას ეკუთვნის.
„გვიხარია, რომ გათხრების პროგნოზები გამართლდა. აღმოჩენილი ხუთივე მუმია ახლა მეცნიერების მიერ კომპლექსურად იქნება შესწავლილი. დამატებით ფინანსებს გამოვყოფთ, რომ სამუშაოები გაგრძელდეს“, – ამბობს რიმაკის რაიონის მერი ნესტორ დე ლა როზა ვილეგასი.
ინკას კულტურა სავარაუდოდ, 1100 წელს შეიქმნა და ლიმას ხეობაში საზოგადოებად ჩამოყალიბდა.
უკვე მე-15 საუკუნეში კი ინკებს თავისი იმპერია ჰქონდათ. მაგრამ, მუმიები, რომლებიც ახლა აღმოაჩინეს, ეკუთვნის ინკამდელი ცივილიზაციის წარმომადგენელ ხალხს, რაც პერუსთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩენაა.
დედაქალაქ ლიმას ტერიტორიასა და შემოგარენში 400-მდე ადგილას არქეოლოგიური სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.