საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს. დეპუტატების წინაშე მან ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ შეასრულა. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა იუსტიციის ახალი სახლების მშენებლობის პროექტს. მისი თქმით, ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტს მალე ახალი მომსახურების ცენტრები ექნება. მინისტრმა ასევე ისაუბრა მიწის რეგისტრაციის საკითხზეც, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით.
დეპუტატებს ძირითადი შეკითხვები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ჰქონდათ. მთავარი კი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ძველი ფორმატით დროებით აღდგენასთან დაკავშირებული მოსაზრება იყო.
„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ასევე 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
“ჩვენ გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და პატიმრებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე მათი რესოციალიზაციის ქმედითი კომპონენტი. მოგეხსნებათ, მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს ციხის ტერიტორიას, მას ექნება სრული შესაძლებლობა, ზუსტად ისევე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, როგორც ციხის გარეთ მყოფმა სხვა ადამიანმა. ეს არის სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.