მთავარიგადაცემებიScenesკატარელი მხედარი ქალი ოლიმპიადაზე ოცნებობს

კატარელი მხედარი ქალი ოლიმპიადაზე ოცნებობს

„ევრონიუსი“ აშუქებს იმ ახალგაზრდების ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც შეძლეს დიდი სირთულეების გადალახვა და რეალურად შეცვალეს საკუთარი ან სხვების ცხოვრება. ასეთია კატარელი მხედარი ქალი, რომელიც ერთადერთი მხედარია კატარში რომელიც ფლობს საერთაშორისო გრან-პრის დერსაჟის დისციპლინაში და ოლიმპიადისთვის ემზადება.

ვეჟდან მაჯედ ალ-მალკი  და მისი პარტნიორი ბალერინები არიან. ისინი ასრულებენ სხვადასხვა პირუეტებს, მაგრამ ფეხზე პუანტები არ აცვიათ – ვეჟდანი კატარის პირველი და ერთადერთი მხედარია დრესაჟის დისციპლინაში, რომელსაც სურს ოლიმპიადაზე მოხვდეს თავის ცხენთან ერთად.

„დრესაჟი ცხენოსნობის ბალეტია,“ – ამბობს ვეჟდანი. „დრესაჟით გამოსვლის დროს შენს პარტნიორთან –  ცხენთან ერთად უნდა შეასრულო საცეკვაო ილეთები: უნდა შეასრულო პირუეტები, ჩორთით სვლა და გვერდითი სვლა.

ეს ძალიან დახვეწილი და მშვენიერი სანახაობაა, მაგრამ ძალიან რთულიც. უნდა გჯეროდეს, რომ შეძლებ ყველა მოძრაობის გაკეთებას, რადგან შენს ცხენსაც აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ეს საოცარი რიტმული მოძრაობაა. გესმის შენი ცხენის ფლოქვების ხმა და თქარათქური. ძალიან მიყვარს. დიდებული განცდაა.“

მხედარი გოგო

ვეჟდანი ცხენების მოყვარულთა ოჯახში იზრდებოდა და ცხენზე ჯდომა და-ძმებთან ერთდ დაახლოებით 4-5 წლის ასაკში დაიწყო. რვა წლისა უკვე ცხენით დაბრკოლებებს ახტებოდა. მართალია ცხენოსნობა ძალიან მოსწონდა, მაგრამ გოგონამ იცოდა, რომ მხედრობის პროფესიად არჩევას ვერ შეძლებდა, რადგან ქალი იყო.

„ჩემს კულტურაში ეს მიუღებლად ითვლებოდა.  როგორც კატარელ ქალს, არ მქონდა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება,“ – ამბობს ვეჯდანი.

ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისეთი საქმიანობა აერჩია, რომელიც ცხენებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა აზიური თამაშების დროს, რომელსაც კატარმა 2006 წელს უმასპინძლა. შესაბამისად, კატარელებმა სპორტსმენ ქალებს სხვა თვალით შეხედეს.

„მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერდა, ძალიან აქტიურად არჩევდნენ კატარელ ქალებს და ეხმარებოდნენ, რათა შეჯიბრებაში მონაწილეობა მიეღოთ კატარის სახელით,“ -იხსენებს ვეჟდანი.

რამდენიმე კატარელი მხედარი ქალის, მათ შორის ვეჟდანის დებიუტიც შედგა 2006 წლის აზიის თამაშებზე.

მიიღე მეტი –  ან წადი შინ

„თუმცა აზიურ თამაშებში მონაწილეობის მერე მეტი მომინდა“,- ამბობს ვეჟდანი. ახლა, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, მინდოდა, ორივე ხელით მაგრად მოვჭიდებოდი. მინდოდა, ბოლომდე მივყოლოდი ამ სპორტს და ოლიმპიადაში მიმეღო მონაწილეობა.“

ამისთვის რომ მიეღწია, ცხენოსნობისთვის სერიოზულად უნდა მოეკიდა ხელი.

„არადა, ძალიან ეჭვის თვალით უყურებდნენ, რომ რომელიმე კატარელ მხედარს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალ მხედარზე, შეეძლო ამის გაკეთება. კატარს არასდროს გაუშვია მხედარი ოლიმპიადაზე ან თუნდაც ხუთვარსკვლავიან 5* საერთაშორისო ასპარეზზე“, – განმარტავს ვეჟდანი.

იგი მიხვდა, რომ თუ ამის მიღწევა სურდა, საუკეთესოებს შორის უნდა ეღვაწა.

„ევროპაში უნდა წავსულიყავი. იქ ბევრად მეტი შესაძლებლობა იყო. მეტი საერთაშორისო გამოფენა იმართება, მეტი ხალხი იღებს შეჯიბრებაში მონაწილეობას, მათ შორის ძალიან კარგი მხედრები. ევროპაში უნდა გადავსულიყავი, რათა აღიარება მომეპოვებინა და ჩავრთულიყავი ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ შეჯიბრებებში ისეთი სპორტსმენების გვერდით, რომლებიც ძლიერ კონკურენციას გიწევენ“, – ამბობს ვეჟდანი.

ვარჯიში და… კიდევ ვარჯიში

ოცნება რომ აეხდინა, ვეჟდანი ბეჯითად ვარჯიშობდა. დარსა თუ ავდარში, ევროპულ სუსხიან ზამთარში ყოველ დილით ვეჯდანი ცხენზე იჯდა და იწვრთნებოდა.

„ძალიან ძნელია  დილით გაღვიძება ზამთარში, როდესაც გარეთ 7 გრადუსი ყინვაა. წვრთნის დროს ცივა. ამას კვირაში 6 დღე აკეთებ, როდესაც კონკურსი არ არის, კონკურსის დროს კი კვირის შვიდივე დღე ასეთია,“ – იხსენებს ვეჟდანი. „წარმოუდგენლად რთულია საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა.  ამ ასპარეზზე საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდრო.

მე ეს შევძელი გრან-პრიზე, რომელიც ყველაზე მაღალი ჯილდოა დრესაჟის დისციპლინაში.“

წელს მეორედ მოიპოვა 5-ვარსკვლავიან შეჯიბრებაში გრან-პრი და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

„ჩემი ოცნება, რომ ოლიმპიადაზე დრესაჟის დისციპლინაში კატარიც ყოფილიყო წარმოდგენილი, უკვე სულ ახლოსაა“, – ამბობს ვეჟდანი.

თუმცა ოცნებისკენ მიმავალი გზა რთულია.  ამისთვის მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ კმარა, აუცილებელია ძლიერი ფსიქიკაც გქონდეს.

„თანაც მხოლოდ შენ კი არ ხარ სპორტსმენი, არამედ შენი ცხენიც“, – გვიხსნის ვეჟდანი. „შეჯიბრებაში მონაწილე ცხენები წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან. თუ ცოტა არ იყოს დაძაბული ვარ და თანაბრად არ ვსუნთქავ, სხეულიც ცოტათი მეძაბება. ჩემი ცხენი ამას მაშინვე გრძნობს.

ამიტომ  30 წუთით ან ერთი საათით ადრე ვიწყებ მომზადებას, უბრალოდ თავლებს ვხუჭავ, ღრმად ვსუნთქავ და ვემზადები შეჯიბრებისთვის ჯერ კიდევ საკუთარ წარმოსახვაში, სანამ ცხენზე შევჯდები. დრესაჟმა მოთმინება და თავდადება მასწავლა.

ძალიან ზუსტი უნდა იყო. ყოველი ნაბიჯი უნდა გათვალო. არ არის ადვილი პიონერობა. აქამდე ეს არავის გაუკეთებია, მსურდა, კატარის სახელი ყოფილიყო ცხენოსნობის რუკაზე.“

ვეჟდანის საბოლოო მიზანი მხოლოდ ოლიმპიადა არ არის.

„ჩემი ოცნებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დრესაჟის აკადემია დავაარსო და კატარში ამ დისციპლინის მხედრების მომავალი თაობა გავზარდო. მე მიმიღია მონაწილეობა ამ დონის შეჯიბრებებში და რაკი ეს შევძელი, შემიძლია სხვებსაც დავეხმარო, მიაღწიონ ასეთ დონეს“, – ამბობს ვეჟდანი.

„სპორტში საუკეთესო რომ ვიყო, იმისთვის მინდა, რათა დავბრუნდე სახლში, კატარში და ჩემი გამოცდილება აქაურებს გავუზიარო აქაურ მხედრებს,  განსაკუთრებით ქალებს, ვაჩვენო მათ, რომ, თუ ოცნებობ, გახდე ნამდვილი სპორტსმენი მხედარი, ეს შესაძლებელია.

ავტორი: ფადჰილა ალშაჰაბი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend