მთავარიგადაცემებიCrossing Culturesკულტურათა გზაჯვარედინზე - როგორ დაოსტატდნენ ჩინელები და ევროპელები ზღვაოსნობაში

კულტურათა გზაჯვარედინზე – როგორ დაოსტატდნენ ჩინელები და ევროპელები ზღვაოსნობაში

ზღვაოსნობის ისტორია მჭიდროდ აკავშირებს  ჩინეთსა და ევროპას საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კვლევით, ვაჭრობითა და ინოვაციით. ამ უძველესი კავშირის გენეზისის შესასწავლად „ევრონიუსი“ ისტორიული გემის „ვიქტორიის“ კვალს გაჰყვა.

ჩინეთში საზღვაო ვაჭრობას ათასობით წლის განმავლობაში მისდევდნენ. შორეულ წარსულში საზღვაო აბრეშუმის გზა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი მარშრუტი იყო.  ხომალდებს ჩინური ჩაი, აბრეშუმი და სხვა ძვირფასი ტვირთი გაჰქონდათ მთელ მსოფლიოში.

მაგრამ საქონლის გადაზიდვა – განსაკუთრებით ისეთი ფაქიზის, როგორიც კერამიკაა –  დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. რისკების შემცირების მიზნით ჩინელმა გემთმშენებლებმა ძალიან გონივრული რამ მოიფიქრეს – ხომალდი სახელად Fu. ამ ტიპის გემებმა რევოლუცია მოახდინეს, რადგან პირველად კაცობრიობის ისტორიაში აიგო წყალგაუმტარი ტიხრების მქონე ხომალდი. ახალი ტექნოლოგიის  წყალობით ჩინურ გემებს ყველაზე მძვინვარე გრიგალისა და მღელვარე ზღვის გაძლება შეეძლო.

ლინ პეიცზუნი, Fu გემების აგების ოსტატთა მემკვიდრე

“უძველეს დროში ფუძიანის სანაპიროზე ჩვენი წინაპრები ზღვასთან ცხოვრობდნენ და ზღვაზე იყვნენ დამოკიდებული. ზღვა იყო მათი ლუკმა-პურის ძირითადი წყარო, ამიტომ ისინი სულ უფრო ხვეწდნენ ოსტატობას, ჯერ ტივები შექმნეს, მერე კანოე და ბოლოს Fu-გემი, რომელიც ხანგრძლივ მოგზაურობაზე იყო გათვლილი.“

არქეოლოგიური ფაქტების მიხედვით, სავაჭრო გემები ჯერ კიდევ სუნის დინასტიის დროიდან, მე-10 – მე-13 საუკუნეებიდან იყენებდნენ ტიხრებს. კორპუსს ამგვარად დღესაც ტიხრავენ. ეს ეხმარება გემს, რომ დაზიანების შემთხვევაშიც კი მთლიანად არ დაიტბოროს. ამავდროულად, ეს უზრუნველყოფს, რომ საწყობში ტვირთმა არ იმოძრაოს.

ჯან გოჰუეი, Fu-გემის მოდელის ოსტატი განმარტავს, რომ სახელი “Fu” ფუძიანს უკავშირდება, რეგიონს, სადაც ეს გემები შენდებოდა, ნაწილობრივ კი ჩინურ Fu იეროგლიფს, რომელიც „იღბალს“ ნიშნავს.

Fu-გემების აღდგენა

ფოლადის კორპუსიანი გემების შემოსვლის შემდეგ ძველი, გარდასულ დღეთა ბრწყინვალება წესით წარსულს უნდა ჩაბარებოდა. მაგრამ 2020 წელს ლინ პეიცზუნმა შეკრიბა გუნდი, რათა აეგო ზუსტი ასლი იმ ლეგენდარული გემისა, რომელიც მინის დინასტიის დროს მე-14-მე-17 საუკუნეებში იგებოდა.

“მე ცხრა წელი ვიყავი მეზღვაური. მემკვიდრეობით გადმომეცა წყალგაუმტარი კაიუტების გაკეთების ტექნოლოგია. ყველა ჩვენგანისთვის, რომლებიც ზღვით ვცხოვრობთ, გემი ფუ Fu საკუთარი სახლია. ჩემი ოცნებაა, რომ საზღვაო აბრეშუმის გზა გავიაროთ ამ გემით,“ – ამბობს  ლინ პეიცზუნი.

გემი „ნაო ვიქტორია“ – ევროპელების ოდისეა მსოფლიოს გარშემო

იმ დროს, როცა გემი Fu ჩინეთს მსოფლიოსთან აკავშირებდა, გემი „ნაო ვიქტორია“ მსოფლიოს უვლიდა გარს.

1519 წელს პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა ყველაზე დიდი ნაოსნობა წამოიწყო, რაც კი მანამდე არსებულა. იგი ხუთი გემისაგან შემდგარი ფლოტილიით გავიდა სევილიიდან და მისი მიზანი,  ესპანეთის გვირგვინოსნის ხელდასხმით, ის იყო, რომ ეპოვა დასავლეთიდან მიმავალი გზა მოლუკის კუნძულებამდე, რომლებიც ასევე  სანელებლების კუნძულების სახელითაც იყო ცნობილი.  ამ კუნძულებს დღეს ინდონეზიას უწოდებენ. წინ სამწლიანი დამქანცველი მოგზაურობა ელოდა, სავსე ამბოხითა და მკვლელობათა სერიით, რომელიც საბოლოოდ მისი სიკვდილით დასრულდა.

პორტუგალიელმა მეთაურმა  სასტიკად ჩაახშო აჯანყება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ატლანტის ოკეანეს გადაკვეთდა და წყნარ ოკეანეში შევიდოდა. თუმცა  წინ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა. ექსპედიცია თითქმის 100 დღის განმავლობაში ხმელეთზე გადაუსვლელად მიცურავდა, გემზე კი შიმშილი და სურავანდი მძვინვარებდა. გემზე ცხოვრების გაუსაძლისი პირობები იყო, არ იყო საკმარისი წყალი და ხილი. ეკიპაჟიდან უმეტესობა დაიხოცა.

„მათ ვერ გათვალეს წყნარი ოკეანის ზომა და, შესაბამისად, საკმარისი მარაგი  არ მოამზადეს მის გადასაცურად,“ – განმარტავს ხავიერ ხუან პოლო პოლო, Nao Victoria-ს კაპიტნის თანაშემწე. „თანაც ექსპედიციის წევრებიდან ზოგი ადგილობრივებმა დაატყვევეს ან მოკლეს, ზოგიც თავად პორტუგალიელებმა.“

ხუან სებასტიან ელკანოს ტრიუმფი

ბოლოს ექსპედიციამ ფილიპინებს მიაღწია. მაგრამ ესპანეთისთვის ახალი მიწის დამკვიდრების მცდელობისას მაგელანი ადგილობრივ ტომებთან ბრძოლაში მოკლეს. ვინც გადარჩა, ბასკ ხუან სებასტიან ელკანოს ხელმძღვანელობით განაგრძო გზა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა გზის გაგრძელებას. ელკანომ შეძლო დედამიწისთვის გარს შემოევლო, მან მხოლოდ გემი „ვიქტორიით“ გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე, შემოუარა აფრიკის კეთილი იმედის კონცხს და ესპანეთში სანელებლით დატვირთული დაბრუნდა.

„ეს ცოტა სასაცილოა, რადგან ექსპედიციის დასაწყისში იგი კაპიტანიც კი არ იყო და მაგელანის წინააღმდეგ ამბოხში მიიღო მონაწილეობა. ელკანო მოგვიანებით დაწინაურდა, როდესაც ეკიპაჟის წვერები შეცოტავდნენ,“ – გვიხსნის ხავიერი.

იმ 250 კაციდან, რომლებმაც ექსპედიციის დასაწყისში ერთად გაშალეს აფრები, მხოლოდ 18 დაბრუნდა უკან ერთადერთი გადარჩენილი გემით –  „ვიქტორიით“.  მაგრამ მათ ღვაწლი განუზომელია.  ამ ექსპედიციამ აღმოაჩინა წყნარი ოკეანე დასავლეთისთვის, მათ ჩამოიტანეს ახალი მანამდე უცნობი სანელებლები, საქონელი და საკვები, გაჭრეს მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და  პირველებმა აღმოაჩინეს, თუ რამხელა ყოფილა სინამდვილეში დედამიწა.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend