ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ათობით პალესტინელი ღაზიდან ეგვიპტეში გადავიდა. სამი კვირის შემდეგ პალესტინელთა ნაწილს, მათ ვინც მძიმედაა დაშავებული, ან ასევე მათ ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა მიეცათ. ამ შეთანხმებას მხარეებმა გუშინ მიაღწიეს. 7 ოქტომბრის შემდეგ დაბომბვებმა ღაზის სექტორში ათიათასობით ადამიანს წაართვა სახლი, საკვები და წყალი, ამის მიუხედავად გუშინდელ დღემდე არავის ჰქონდა ტერიტორიის დატოვების უფლება. ღაზა აქამდე მხოლოდ იმ ოთხმა მძევალმა დატოვა, რომელიც “ჰამასმა” გაათავისუფლა.
იდგნენ და ელოდნენ დაჭრილი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელები რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საზღვრის გახსნას. ჩემოდნებით, ჩანთებითა და პარკებით, ვინ როგორც მოახერხა ნივთების ჩალაგება. საზღვარი რომ იხსნებოდა ძირითადად, ერთმანეთისგან გაიგეს, ინტერნეტისა და მობილური ქსელების ცუდად მუშაობის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური უწყებები პალესტინაში მყოფ მათ მოქალაქეებს ვერ დაუკავშირდნენ.