მთავარიაზიაჩინეთიპეკინი ,,სარტყლისა და გზის" საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

პეკინი ,,სარტყლისა და გზის” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

პეკინი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. პროექტი ,,ერთი სარტყელი, ერთ გზა“ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირველად 10 წლის წინ, 2013 წელს, წამოიწყო. მისი მიზანი აფრიკასა და ევროპასთან სახმელეთო და საზღვაო გზებით დაკავშირება, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

2013 წლის შემდეგ ასობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ხიდების, პორტების, მაგისტრალების, ელექტროსადგურების მშენებლობაზე. პროექტის მასშტაბი ფართოა და აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას მოიცავს.

წელს ,,სარტყლისა და გზის“ მესამე საერთაშორისო ფორუმზე სი ძინპინი უცხოურ კომპანიებს ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე გამარტივებულ წვდომას დაჰპირდა. ფორუმის გახსნისას მან ასევე განაცხადა, რომ 100 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების დასაფინანსებლად.

სი ძინპინი: “განვლილი ათწლეული თავდადებული შრომითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა. ეს პროექტი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ჩინეთმა წამოიწყო, თუმცა მისგან სარგებელს მთელი მსოფლიო მიიღებს. მოდით, ერთად გავამართლოთ ხალხის მოლოდინები. ავიღოთ საკუთარ თავზე ისტორიის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობები, მივყვეთ თანამედროვე ტენდენციებსა და ენერგიული და საქმიანი მიდგომით გავაგრძელოთ წინსვლა. გავაღრმაოთ თანამშრომლობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები უფრო მაღალი დონის, უფრო მაღალხარისხიანი თანამშრომლობისკენ… ხელი შევუწყოთ თითოეული ქვეყნის განვითარებას. ერთად ავაშენოთ ღია, ინკლუზიური სამყარო და ისეთი საზოგადოება, რომელიც კაცობრიობის ერთიან მომავალს გაიზიარებს”.

ფორუმს 130-ზე მეტი განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის არიან ყაზახეთის, სერბეთის, ინდონეზიის, ჩილესა და კონგოს პრეზიდენტები, პაკისტანის, კამბოჯისა და პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრები და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ფორუმში მონაწილეობას იღებს მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ფორუმში ვლადიმირ პუტინის ჩართულობა საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ჩინეთის რუსეთისადმი ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

ვლადიმირ პუტინი: “რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის მსგავსად თანასწორი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის სურვილი აერთიანებს. გვსურს, მივაღწიოთ საყოველთაო და მდგრად, გრძელვადიან ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ კეთილდღეობას.

რუსეთი ტერიტორიით მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა. მოკავშირეებთან თანამშრომლობა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვისაუბრებ გრძელვადიანი გეგმების ნაწილზე, რომლებზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. ეს პროექტები ჰარმონიაშია ევრაზიის სხვა ინფრასტრუქტურულ წამოწყებებთან, მათ შორის იმ პროექტებთანაც, რომლებიც “სარტყლისა და გზის’’ ინიციატივის ფარგლებში წამოვიწყეთ.

რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტს, რუსეთი არა მხოლოდ იწვევს პარტნიორებს, რომ აქტიურად გამოიყენონ მისი სატრანზიტო პოტენციალი, არამედ მეტიც, გვსურს წავახალისოთ დაინტერესებული სახელმწიფოები, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მის განვითარებაში”.

სი ძინპინმა საკუთარ წამოწყებას საუკუნის პროექტი უწოდა, თუმცა უამრავი ადამიანი მას კრიტიკულად აფასებს; განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც პეკინის გლობალურ ამბიციებს სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ.

პროგრამის ფარგლებში მთელი მსოფლიოს გარშემო უამრავი პროექტი დაფინანსდა და გაღრმავდა ჩინეთის კავშირები აზიის სხვა ქვეყნებთან, აფრიკასთან, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთთან. თუმცა ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო დიდი რაოდენობის სესხების გამო არაერთ ღარიბ ქვეყანას დიდი რაოდენობის ვალი დაეკისრა, რიგ შემთხვევებში კი მათ აქტივებზე კონტროლი პეკინს გადაეცა.

წინა ფორუმები 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. 2023 წლის მე-3 საერთაშორისო ფორუმზე კი დასავლური ქვეყნებისა და აშშ-ის მოკავშირეების უმრავლესობამ ღონისძიებაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები არ გაგზავნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend