ომის მეხუთე დღეს ისრაელში კვლავ ცდილობენ ამოიცნონ ცხედრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში იპოვეს. 10 ოქტომბერს კფარ აზას დასახლებაში ნანახმა სურათმა მთელი მსოფლიო შეძრა. ერთ დროს მშვიდობიანი დასახლების ათობით წევრი დახოცა “ჰამასმა”. მათ შორის იყო ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი.

„ეს არ არის ომი. ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ბავშვებს, დედებს, მამებს საკუთარ სახლებში, საძინებლებში, ხედავთ, თუ როგორ მოკლა ისინი ტერორისტმა. ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. ეს არის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ეს არის ტერორისტული ქმედება. ასეთი საზარელი რამ, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს”, – ამბობს იტაი ვერუვი, ისრაელის თავდაცვის ძალების საველე მეთაური.
“ვის შეეძლო ამის გაკეთება? ალბათ მათ ადამიანობა დაკარგეს და მათში რაღაც არაადამიანურმა გაიღვიძა. ვინ კლავს ჩვილს? ვინ კლავს დედას? მათ სხეულებს, მათ საკუთარ სახლებში ვხედავ”,-აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების მაიორი დორონ შპილმანი.
გარდა დაღუპულებისა, ისრაელში ამ დრომდე ცდილობენ, დაადგინონ მძევლად აყვანილი მოქალაქეების მდგომარეობა. “ჰამასის” წევრები მათი დახოცვით იმუქრებიან. იქ მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები არ არიან. დაკარგულ ახლობლებს ეძებენ აშშ-ის მოქალაქეებიც, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გააძლიერონ ძალისხმევა მათი ახლობელი ადამიანების მოსაძებნად და დააბრუნონ სამშობლოში.
“მინდა ხაზი გავუსვა ისრაელის მთავრობის პასუხისმგებლობას “ჰამასის” ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაბრუნებაზე. ასევე მინდა ვისაუბრო იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აკისრიათ იქ მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ამერიკის მოქალაქეები სამშობლოში მშვიდობიანად და უვნებლად დაბრუნდნენ”, – ამბობს აშშ-ის დაკარგული მოქალაქის ვაჟი ნაჰარ ნეტა.
ქვეყანაში პირველად ათწლეულების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრებმა გაარღვიეს ისრაელის საზღვარი და იქ მოაწყვეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ამ დროისთვის, 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა მონაცემით, “ჰამასს” ახლა მძევლად ჰყავს 100-იდან 150-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ზუსტად რამდენი, ამ დრომდე უცნობია.