მთავარისაქართველოსასამართლოს რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნას სამოქალაქო სექტორი ლოგიკურს უწოდებს

სასამართლოს რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნას სამოქალაქო სექტორი ლოგიკურს უწოდებს

იმისათვის, რომ საქართველოს დასავლური სტანდარტის სასამართლო სისტემა ჰქონდეს, ვენეციის კომისიამ 2023 წლის მარტის დასკვნაში, ხელისუფლებას ხუთი ფუნდამენტური რეკომენდაცია გამოუგზავნა. ექვსი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა სასამართლო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა ვენეციის კომისიის უახლესი დასკვნით ირკვევა, რომ ეს ცვლილებები ქართულ სასამართლოში მთავარი პრობლემების მოგვარებას არ ეხება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და ამ უწყების როგორც სასამართლო ხელისუფლების ზედამხედველი ორგანოს დაკომპლექტების წესს.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, სასამართლო რეფორმის ხედვა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინა. ეს ხედვა სამ მთავარ რეკომენდაციას მოიცავს: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება/აღიარება, მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება.

კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები თანხვედრაშია.

“ლოგიკურია ის დასკვნა, რაც მოვიდა, რომ ასეთი იქნებოდა. ძირითადი აზრი, რაც ვენეციის კომისიის დასკვნიდან უნდა გავიგოთ და ამოვიკითხოთ არის ის, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე რა ნაბიჯებიც გადადგა სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო გაჯანსაღდეს და გათავისუფლდეს ჩარევებისგან. შესრულებული ნაწილი იმდენად ფრაგმენტული და მცირე მასშტაბისაა, რომ ვერ აგვარებს იმ სისტემურ გამოწვევებს, რომელიც სასამართლოში დღეისათვის არსებობს. ეს ეხება კორპორატივიზმს, გავლენიან ჯგუფს, რომელიც რეალურად მართავს სასამართლოს. დიდი მოლოდინი რომ ხელისუფლებას ექნება ნება სრული რეფორმა განახორციელოს, შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა. ამისთვის კი მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის სასამართლო რეფორმა. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დგას ყველა სხვა ფუნდამენტური უფლება. ასე რომ, ეს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს სჭირდება და არა ვინმე სხვას, ვენეციის კომისიაში, ან ევროკავშირში“, – აცხადებს „საიას“ თავმჯდომარე.

ვენეციის კომისიის დასკვნის ობიექტურობასა და ხედვების თანხვედრაზე საუბრობს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც მანამდე თავად იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მისი თქმით, ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმისთვის პოლიტიკური ნება არ აქვს. კოსმეტიკური ცვლილებები კანონში კი, სასამართლოში ე.წ. „კლანურ მმართველობასა“ და ამით გამოწვეულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„ჩვენც ვამბობთ და ვეთანხმებით, რომ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეს დრო, ეს შესაძლებლობა, არ გამოიყენა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაეტარებინა შესაბამისი ხარისხით სასამართლოს რეფორმა. იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. რეალურად, ხელისუფლება ვერ თმობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როდესაც ამ სისტემაში გყავს მოსამართლე, რომელიც არის დასანქცირებული კორუფციული ნიშნების გამო, ეს სერიოზულ ჩრდილს აყენებს მის დამოუკიდებლობას. როდესაც სისტემაში გყავს მოსამართლე, რომელიც არის სანქცირებული და არ ეწევა სამოსამართლეო საქმიანობას, ეს არის სისტემის დიაგნოზი და ამას სჭირდება აღმოფხვრა. კომისია რაღაც საკითხებს მიიჩნევს შესრულებულად ან ნაწილობრივ შესრულებულად, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის საკითხი, რომელსაც ხელისუფლება საერთოდ არ შეხებია“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ შეიმუშავა, არა ვინმესთვის ქვეყნის გარეთ, არამედ ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვისაა აუცილებელი, რათა რეფორმა არსებითად სწორი მიმართულებით წავიდეს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend