შვეიცარიაში მყინვარები დნება. ორი წლის განმავლობაში ზაფხულში მაღალი ტემპერატურისა და ზამთარში მცირე თოვლის გამო ყინულის მოცულობის 10% დაიკარგა.
შვეიცარიაში ჯამში 1400 მყინვარია და ამ მხრივ ის ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა ევროპაში. მყინვარებზე მიმდინარე პროცესებს ახლა შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ცენტრის ექსპერტები აკვირდებიან. ისინი ამბობენ, რომ მყინვარების ასეთი სწრაფი დნობა განაპირობა კლიმატის ცვლილებამ.
„ 2023 წელს კვლავ ძალიან ძლიერი დნობა დაფიქსირდა. მხოლოდ ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავკარგეთ დარჩენილი ყინულის მოცულობის 4%. ახლა კი ჯამში ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ შვეიცარიის ყინულის მოცულობის 10%, ზამთარში თოვლი თითქმის არ მოდიოდა და ცოტა ნალექი იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მყინვარები ცუდად იყო დაცული. ზაფხულში კი ტემპერატურამ ძალიან აიწია. სწორედ ამ ორი ფაქტორის კომბინაცია ქმნის კატასტროფულ გარემოს მყინვარებისთვის“, – ამბობს მათიას ჰუსი, შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელ GLAMOS-ის ხელმძღვანელი.
მყინვარების დნობა შვეიცარიაში წლების წინ დაიწყო. გასული ათწლეულების განმავლობაში იქ ათასამდე პატარა მყინვარი დადნა. ზოგი უსახელო და საზოგადოებისთვის უცნობი… თუმცა ახლა იქ უფრო დიდი მყინვარების დნობის პროცესია დაწყებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მყინვარები იმას ასახავს, თუ რამდენად დრამატულია კლიმატის ცვლილება. თუმცა ჯერ კიდევ არის იმედი.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი მყინვარების აღდგენის, თუმცა ამისთვის საჭიროა ისეთი სიცივე, რომელიც არ არის მოსალოდნელი მომავალი ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.