ირლანდია პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ალკოჰოლური სასმლის ეტიკეტზე გამაფრთხილებელ წარწერას დაატანს. გადაწყვეტილების მიზანია, მომხმარებელს ალკოჰოლით გამოწვეულ საფრთხეებზე მიაწოდოს ინფორმაცია.
ახალი კანონი ირლანდიაში ძალაში 2026 წელს შევა. ექიმები ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებსაც მოუწოდებენ, გადადგან მსგავსი ნაბიჯი.
ირლანდიაში სავალდებულო იქნება, რომ ალკოჰოლური სასმელების შეფუთვაზე ეწეროს პროდუქტის კალორიული შემცველობა, ალკოჰოლის გრადუსი, ინფორმაცია კიბოსა და ღვიძლის დაავადების რისკებისა და ორსულობის დროს სასმლის საშიშროების შესახებ.
ალკოჰოლის მოხმარების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეფუთვაზე ასევე დატანილი იქნება ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის ვებგვერდის მისამართი. ევროკომისიამ კი მსგავს გეგმას უკვე მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებამ ევროპის კონტინენტზე ალკოჰოლის მწარმოებლების შეშფოთება გამოიწვია.
„მიგვაჩნია, რომ ირლანდიის შიდა ბაზრის კანონმდებლობა ყველასთვის სასარგებლო ან პრაქტიკული ვერ იქნება, თუ მას მთელი ევროპის მასშტაბით დავნერგავთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი ევროპა მოიცავს ჯანმოს ევროპულ რეგიონებს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, აქ შედის თურქეთისა და ცენტრალური აზიის ბევრი სხვა რესპუბლიკაც“, – ამბობს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის Spirits Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ ულრიხი.
ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ს ალკოჰოლური სასმელები შეადგენს. 2021 წელს ევროკავშირში 128 მილიარდი ევრო დაიხარჯა ალკოჰოლურ სასმელებზე. ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ლიდერობენ.
„ჯანმო მონაცემებს ყველა ქვეყანაში აგროვებს. კვლევამ კი აჩვენა, რომ ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემების შედეგად ევროპის 53 ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, არსებობს მრავალი მტკიცებულება რომ ფასს, ხელმისაწვდომობასა და მარკეტინგულ შეზღუდვებს გარკვეული გავლენა აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზე”, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის მრჩეველი ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და პატიმართა ჯანმრთელობის საკითხებში კარინა ფერეირა-ბორხესი.